ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
02-07-2022

ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველო, სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად, 2011 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს.  

„მსურს ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა დავუდასტურო საქართველოს მეზღვაურებს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლებს. ამ დღის აღნიშვნა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საზღვაო ინდუსტრიის განვითარებისთვის" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბათუმში, მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 

ლევან დავითაშვილმა მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილია დიდი სახელმწიფოების დაინტერესება ჩვენი მეზღვაურებით. „თქვენი პროფესიონალიზმისა და თავდადების, საქართველოში არსებული საზღვაო საგანმანათლებლო სისტემისა და თქვენი მომზადების შედეგია ის, რომ თქვენ წარმოადგენთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მეზღვაურებს მსოფლიოში. ზუსტად თქვენი დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის სერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირის მიერ და 62-მდე, მათ შორის 19 ევროპული, ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე გაქვთ სამსახურის უფლება".  

მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს და საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები დააჯილდოვეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა და ქ. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ შორეული ნაოსნობის კაპიტნები: ზურაბ ჩხაიძე, ნუგზარ დოლიძე, ვაჟა გოგუაძე, აკაკი ესანჯია; უფროს მექანიკოსები: დავით თეთრაშვილი, ნიკოლოზ ცირეკიძე, ომარ ლომიძე, ალი სარიშვილი, ლაშა თავაძე და სტეფანე ვართანიანი.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ მეზღვაურებს და ტრადიციისამებრ, გემების საყვირების ფონზე შესრულდა გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021