საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
15-09-2022

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს და მისიის წევრებს შეხვდნენ და მათთან პროგრამის მიმდინარეობა, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და სხვა პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. 

შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი, ფინანსთა მინისტრების მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე. 

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები. აღინიშნა, საქართველო რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ინარჩუნებს თავდაპირველ პროგნოზებთან შედარებით მნიშვნელოვანად მაღალ და მდგრად ზრდას. 

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და მისი თანხვედრა ფისკალური წესებით დადგენილ ზღვრებში დაბრუნების მიზნებთან, ისევე როგორც ექსპორტის და ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენის ტენდენციები. 

მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი სამწლიანი პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების პროცესში და დადებითად შეფასდა საქართველოს პროგრესი რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ხაზი გაესვა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, რომელთა მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების და ენერგო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ქვეყანას, პროგრამის მიმდინარეობის პირველი შეფასების ფარგლებში ოქტომბრის თვეში ეწვევა. 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021