საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ITB Berlin 2023-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
22-11-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც წარმოდგენილი იყო საქართველოს კონცეფცია, როგორც ITB Berlin 2023 გამოფენის მასპინძელი ქვეყნის და ქვეყნის ტურიზმის ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია. 

ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოსთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა იყოს ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყანა. 

„ქართველების ყველაზე ძლიერი მხარე არის სტუმარმასპინძლობა და სწორედ ესაა მთავარი თემა და აქცენტი, რაც ITB Berlin-ის გამოფენის მსვლელობისას გვექნება წარმოჩენილი.

ყველას ნათლად გვესმის, რომ გლობალურ ასპარეზზე წარმოჩენასთან ერთად აღნიშნული მისცემს ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას შემდგომი განვითარების ღირებულ შესაძლებლობას. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რასაც ITB Berlin-ი გვაძლევს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

ვიცე-პრემიერმა მოუწოდა საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის, რათა საქართველო წარმოჩინდეს საუკეთესოდ და ჩვენი ქვეყნის მასპინძლობა მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე იქცეს დასამახსოვრებელ მოვლენად საერთაშორისო მასშტაბით.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ITB Berlin 2023-ის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მისცემს პირდაპირ წვდომას მსოფლიოს უმსხვილეს ბაიერებთან და მიზნობრივ ბაზრებთან, 37 მლნ ევროს ღირებულების მედია დაფარვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ამით მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი ტურისტული პოტენციალი და ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200-ათასიან აუდიტორიას, მათ შორის 100 ათას ბიზნეს ვიზიტორს და გამოფენის მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოფენის მსვლელობისას საქართველოს ექნება მთავარ პავილიონში 705 კვ.მ. ფართობის სტენდი, რაც ქვეყანას უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით ტურიტული კომპანიის წარდგენის შესაძლებლობას მისცემს. მან მოუწოდა სექტორს თანამშრომლობისთვის, რათა საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად იყოს წარმოჩენილი და ქვეყანამ სრულად მიიღოს ის სარგებელი, რასაც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი იძლევა. 

პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოში სტუმარმასპინძლობის შესახებ ახალი საიმიჯო ვიდეორგოლის სახელწოდებით - სტუმარი ჩვენება გაიმართა, რომელიც ITB Berlin 2023-პლატფორმაზე იქნება გამოყენებული.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021