მარიამ ქვრივიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 117-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
24-11-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 117-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პანდემიის შემდეგ, საქართველომ შეძლო 100%-ით აღედგინა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. 

“ეს გვაძლევს საფუძველს, გვქონდეს მოლოდინი, რომ 2022 წელს ტურიზმის სექტორში შემოსავლები 3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. ამ მაჩვენებლებს პირდაპირი ზეგავლენა აქვს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებაზე, რომელიც მაროკოს სამეფოში იმართება, მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროს საერთაშორისო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკვანძო საკითხები და ყველაზე აქტუალური თემები განიხილება. გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭო ტურიზმის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი პლატფორმაა, საქართველო საბჭოს წევრია 2021-2025 წლებში. 

მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმ პროგრესზე სასაუბროდ, რომელსაც წევრმა ქვეყნებმა ბოლო პერიოდში მიაღწიეს. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ მჭიდრო პარტნიორობას, რომელიც საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის არსებობს და ემსახურება საერთო მიზნების ეფექტიან განხორციელებას. მისი თქმით, ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილისა და ორგანიზაციის გუნდის უწყვეტმა მხარდაჭერამ, ახალმა ინიციატივებმა და პროგრამებმა უშუალო ზეგავლენა იქონიეს ტურიზმის აღდგენაზე საერთაშორისო მასშტაბით.
 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021