ლევან დავითაშვილი: ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ჩვენი სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგია
06-03-2023

მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე, 1000-ზე მეტ კვადრატულ მეტრზე მოწყობილი ლოკაციები, მათ შორის საქართველოს მთავარი სტენდი ბერლინის გამოფენის მთავარ პავილიონში ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა. ვიცე-პრემიერთან ერთად პავილიონი დაათვალიერეს მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

გამოფენის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ყველა სამზადისი თითქმის დასრულებულია და საქართველო მზად არის, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ღირსეულად წარდგეს მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის 200 ათასამდე ვიზიტორის წინაშე.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის მასპინძლის სტატუსი საქართველოს „ITB Berlin"-თან და საერთაშორისო ტურისტულ საზოგადოებასთან სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგია.

„ეს არ იყო რიგითი გადაწყვეტილება ანუ საქართველოს რიგითობით კი არ მოუწია მასპინძლობის სტატუსის მიღება, არამედ ეს არის როგორც „აითიბი ბერლინთან,“ ისე საერთაშორისო ტურისტულ საზოგადოებასთან სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგი. ზოგადად, პროგრესი, რომელიც საქართველოში ტურიზმის მიმართულებით არსებობს, იყო  ძალიან საინტერესო და საბოლოოდ, ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც საქართველოზე შეჩერდა ყურადღება, იყო ალბათ ყველაზე ორიგინალური, კრეატიული და საინტერესო შეთავაზება, რადგან ჩვენი კონკურენტი ქვეყნები ფინანსური რესურსებითაც და ამბიციებითაც საკმაოდ გამოირჩეოდნენ“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მინისტრის შეფასებით, „აითიბი ბერლინი“ ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ტურიზმის ინდუსტრიაში კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

„აითიბი ბერლინი“ რამდენიმე საათში ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური მიმართულება „უსაზღვრო ქართული კულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ქართული ნაციონალური ბალეტი და ა.შ. სტუმრები ასევე გაეცნობიან ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021