ITB ბერლინი 2023-ის მთავარ პავილიონში საქართველოს სტენდი ოფიციალურად გაიხსნა
07-03-2023

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB ბერლინის მთავარ პავილიონში საქართველოს, გამოფენის მასპინძელი ქვეყნის სტენდი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. 

ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო და პირადად გაეცნო  გამოფენაში მონაწილე ქართული ტურისტული კერძო სექტორის პროდუქციას და წარდგენილ სერვისებს. 

„რა თქმა უნდა, ამ გამოფენაზე მასპინძლის სტატუსი გაზრდის საქართველოს ცნობადობას ტურისტულ სექტორში, განსაკუთრებით ევროპელ ბიზნესოპერატორებს შორის, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა ტრადიციული ბაზრებისა, ტურისტები ევროპიდან მოვიზიდოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცნობადობასთან ერთად კონკრეტულ პრაქტიკულ-ეკონომიკურ შედეგებში აისახოს ამ ღონისძიებაში ჩვენი მონაწილეობა და ძალისხმევა“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზეა განთავსებული, სადაც 80-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. კომპანიები გამოფენის ათასობით დამთვალიერებელს საკუთარ პროდუქციას გააცნობს, მიაწვდიან ინფორმაციას თავიანთი სერვისების და პროექტების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარების და ბიზნესპარტნიორების მოძიების შესაძლებლობა ექნებათ. 

„80-ზე მეტი კომპანია საქართველოდან დღეს ხვდება პოტენციურ პარტნიორ კომპანიებს, აქვთ ბიზნესშეხვედრები, B2B შეხვედრები, რომელთა ფარგლებში, დარწმუნებული ვარ, გააფორმებენ კონტრაქტებს, საქართველოსკენ ახალი ტურისტული ნაკადები დაიძვრება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ტურისტულ შემოსავლებში უნდა აისახოს. დარწმუნებული ვარ, ITB ბერლინი 2023 განსაკუთრებული იქნება, როგორც ქვეყნის ტურისტული ცნობადობის, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021