მარიამ ქვრივიშვილმა „ITB ბერლინის“ ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
07-03-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა „ITB ბერლინის“ ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

“გავაცნობიერეთ, რომ აუცილებელი იყო საქართველოს, როგორც ბრენდის ტრანსფორმაცია და ამიტომაც წარმოვადგინეთ „ITB ბერლინზე“ საქართველო, როგორც „უსაზღვრო სტუმარ-მასპინძლობის“ ადგილი. შეიძლება ჩვენ ჯერ არ შევდიოდეთ ხუთვარსკვლავიანი სერვისის მიმწოდებელი, წამყვანი ქვეყნების სიაში, თუმცა ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, მაგრამ არის ის, რაც უნიკალურს ხდის საქართველოს და ეს არის ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას.

მინისტერიალის მრგვალ მაგიდაში, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული გამოფენის „აითიბი ბერლინის“ ფარგლებში გაიმართა,  ასევე ბაჰრეინის სამეფოს ტურიზმის მინისტრი ფატიმა ალ საირიფამი, ხორვატიის ტურიზმის მინისტრი ნიკოლინა ბრნიაცი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ტურიზმისა და სიძველეების მინისტრი აჰმედ ისა და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის განსაკუთრებულობა ციფრებშიც აისახება და სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ყოველი ვიზიტორი, სულ მცირე, ორჯერ მაინც ბრუნდება ჩვენ ქვეყანაში, რაც, მინისტრის მოადგილის აზრით,  სწორედ  სტუმარ-მასპინძლობას უკავშირდება. 

„ჩვენი მთავრობა ეცადა, წარმოედგინა ის უმთავრესი ასპექტები, რომლებიც ახასიათებს ჩვენს იდენტობას, სტუმარ-მასპინძლობას, მსოფლიოში სახელგანთქმულ სტუმართმოყვარე ქართველ ხალხს და, რა თქმა უნდა, ქართულ კერძებს და ღვინოს. მთავარი, რისი თქმაც გვინდოდა, არის ის, თუ როგორ მოხდა ქვეყნის ტრანსფორმაცია, როგორ მოვედით უნიკალური ანტიკური კულტურიდან, უნიკალური ანბანით, ღვინის აკვნიდან იმ ქვეყნამდე, როგორიც  დღეს არის საქართველო თანამედროვე მსოფლიოს რუკაზე და რომელიც მიისწრაფვის ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

2023 წლის გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021