ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა
02-06-2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებუს მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა. 

როგორც ვიცე-პრემიერმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოში აზერბაიჯანული ბიზნესი წარმატებით ვითარდება, ხოლო აზერბაიჯანიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მისი თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ახორციელებენ გლობალური, რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შუა დერეფანი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, TRACECA პროექტები და ა.შ. რაც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონში ჩვენი ქვეყნების როლს და მიმზიდველობას.

„ჩვენი პრიორიტეტია სტრატეგიული და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან - საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო პარტნიორთან. აზერბაიჯანი, როგორც ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, 2000 წლიდან საქართველოს ათ ძირითად სავაჭრო პარტნიორს შორისაა. მაგალითად, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში აზერბაიჯანი მე-4 ადგილზეა, ხოლო 2023 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, აზერბაიჯანი ჩვენი ქვეყნის მე-3 სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ გვაქვს დადებითი ვაჭრობის მაჩვენებლები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გაუმჯობესების პოტენციალი კიდევ არსებობს“ - ამის შესახებ განაცხადა ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

შეხვედრა აზერბაიჯანის დელეგაციასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც მინისტრებმა სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი გახსნეს. ფორუმი, რომელშიც ორი ქვეყნის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა.

„ქართულ-აზერბაიჯანული ბიზნესფორუმი არის ამ წარმატებული ურთიერთობის კიდევ ერთი მაგალითი და დამატებითი პლატფორმა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, საქმიანი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ბიზნესფორუმში მონაწილე დელეგატებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს ბიზნესგარემოსა და იმ მიღწევების შესახებ, რაც ფიქსირდება ეკონომიკის თითქმის ყველა დარგში. განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა მიმდინარე ერთობლივი პროექტების, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის განხორციელების მნიშვნელობა, რომლის შეთანხმებასაც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წელს მოაწერეს ხელი.

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021