საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა
16-11-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი. 

კომისიის თავმჯდომარემ უწყებათაშორის კომისიას გააცნო საგზაო უსაფრთხოების არსებული მდგომარეობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. აღინიშნა დადებითი დინამიკის შესახებ, კერძოდ, ხსენებულ პერიოდში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა მაჩვენებელი შემცირდა 6,0%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა 7,7%-ით. ყურადღება ასევე გამახვილდა 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში საგზაო უსაფრთხოების კუთხით აღნიშნულ გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე.

სხდომაზე მოისმინეს პრეზენტაციები საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2022-23 წლების სამოქმედო გეგმის 2023 წლის პირველი ნახევრის ანგარიშის და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის შესახებ. პრეზენტაციები მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ, ასევე მომავალი 2024-25 წლების სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებთან დაკავშირებით.

სხდომაზე იმსჯელეს პრობლემური საკითხების და ასევე შესაძლო დამატებითი ღონისძიებების თაობაზე, საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიხედვით და მიღწეულ იქნა მათ შესახებ კონსენსუსი.

კომისიის სხდომას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, განათლების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო უწყებების (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო) ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.