თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილა. მხარეებმა იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ არამხოლოდ ოთხი ქვეყნის, არამედ უფრო ფართო მასშტაბის თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნებს შორის, მათ შორის, თურქეთთან სახმელეთო ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება. მისი თქმით, საქართველო მზად არის მხარი დაუჭიროს ახალ პროექტებს, რომლებიც აკავშირებს კასპიის რეგიონს თურქეთთან და ევროკავშირთან. მინისტრის შეფასებით, ეს თანამშრომლობა აძლიერებს სტრატეგიულ კავშირებს მონაწილე ქვეყნებს შორის.
რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებთან ერთად ორი ქვეყნის ენერგეტიკული თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელეს ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა არპარსლან ბაირახტარმა. ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი, გიორგი გიგინეიშვილი ესწრებოდა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის ერთობლივ მისწრაფებას შუა დერეფნის, სამხრეთ გაზის დერეფნის რეალიზაციის კუთხით და აღნიშნეს, რომ ენერგეტიკული თანამშრომლობა ორ მეგობარ ქვეყანას შორის კვლავ წარმატებით გაგრძელდება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო განახლებადი ენერგიის გადაცემის, მწვანე წყალბადის პროექტების განვითარების მნიშვნელობას და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომლითაც საქართველო დაუკავშირდება ევროკავშირის ერთიან ენერგეტიკულ ბაზარს. მინისტრების შეფასებით, ეს კავშირი გააძლიერებს განახლებადი ენერგიების წარმოებას, სატრანზიტო შესაძლებლობებს და ვაჭრობას ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მეშვეობით საქართველო შესაძლებლობებს აძლევს თურქეთს და რეგიონის ქვეყნებს, ექსპორტზე გაიტანონ ელექტროენერგია ევროკავშირში.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70