დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს „პოლიმერი 1“-ს ახალი საწარმო გახსნა
28-02-2018

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი საწარმო გავხსენით, რომელიც მონაწილეობდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“. კომპანია „პოლიმერი 1“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პოლიეთილენის მილებს. საწარმოში 6,5 მლნ ლარზე მეტია ინვესტირებული. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ ისარგებლა პროგრამის როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით. ახალი საწარმოს ასაშენებლად ჩვენ 3 000 კვ,მ. ფართობი სახელმწიფო ქონება გადავეცით, სადაც ამჟამად თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმო ფუნქციონირებს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს „პოლიმერი 1“-ს ახალი საწარმოს ოფიციალურ გახსნაზე. მისი თქმით, აღნიშნული საწარმო კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ წარმატებულად მუშაობს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. 

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანიამ გოფრირებული მილების დამამზადებელი დანადგარების, ნედლეულისა და მზა პროდუქციის ხარისხის განმსაზღვრელი საქარხნო ლაბორატორიის დანადგარების შეძენა, ახალი საწარმოს აშენება და წარმოების ასორტიმენტის გაფართოება შეძლო. 

ქარხანაში, სადაც ამჟამად 90 ადამიანია დასაქმებული, წარმადობის ზრდასთან ერთად დამატებით 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. აღსანიშნავია, რომ შპს „პოლიმერი 1“ წარმოებული პროდუქციის რელიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გეგმავს.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს გააჩნია საკუთარი ლაბორატორია, სადაც გამოშვებული პროდუქციის ტესტირება ხორციელდება, რათა, საბოლოო ჯამში, მომხმარებელი დარწმუნებული იყოს „პოლიმერი 1“-ს მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხში. 

„დღეს საწარმოში 90 ადამიანია დასაქმებული, თუმცა დატვირთვის კვალდაკვალ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე სასიხარულია ისიც, რომ ახალი ხარისხიანი პროდუქციის წარმოება იმპორტის ჩანაცვლების კარგი შესაძლებლობაა. გარდა ამისა, კომპანია საკუთარ პროდუქციას აზერბაიჯანშიც ყიდის და იმედი მაქვს, სხვა მიმართულებითაც შეძლებენ ექსპორტის განხორციელებას,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

შპს „პოლიმერი 1,“ საქართველოს ეკონ¬ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. ამასთანავე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ქალაქ თბილისში, ქვედა ფონიჭალის დასახლებაში მდებარე დაახლოებით 3 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები გადაეცა. 




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021