გენადი არველაძე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის EWG-ის შეხვედრაში მონაწილეობს
07-03-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველო-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) მორიგი შეხვედრა გაიხსნა. სამუშაო ჯგუფს ქართული მხრიდან თავმჯდომარეობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ხოლო ამერიკული მხრიდან - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ბრაიან მაკფიტერი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე მიქაბაძე და გიორგი ჩიქოვანი. 
 
სამუშაო შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა  საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური რეფორმების პაკეტის განხორციელების მიმდინარეობა, საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, ეკონომიკის სხვადასხვა დარგების რეგულაციების დახვეწა და შრომითი კანონმდებლობის სრულყოფა. ასევე, ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, ყურადღება დაეთმობა კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის განვითარების საკითხებს და აშშ-ს მხარდაჭერას აღნიშნული მიმართულებით. საუბარი შეეხება ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის პერსპექტივებს, მათ შორის, კომერციული დიპლომატიის გზით.
 
შეხვედრაზე ვრცლად იქნება მიმოხილული ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და მეწარმეობის კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის განმტკიცების გზები და 2018 წლის განმავლობაში სავაჭრო მისიების განხორციელების გეგმები.
 
საუბარი შეეხება აგრეთვე ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის (HLTID) მომდევნო რაუნდის ჩატარება მიმდინარე წლის აპრილში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღნიშნული დიალოგის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, შესაბამისი ინიციატივების განხორციელებისა და შეთანხმებების გაფორმების კუთხით.
 
საუბარი ასევე შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზის მიმდინარეობას და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებს, მათ შორის, რეგიონულ პროექტებში საქართველოს ჩართულობის გზით. მხარეები ასევე ისაუბრებენ სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე.




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021