პროექტ Check in Georgia 2018–ის პრეზენტაცია
14-03-2018

მრავალფუნქციურ ცენტრ „რესპუბლიკა“-ში პროექტ Check in Georgia 2018–ის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, შპს „ბლექ სი არენა“-ს დირექტორმა ანი კავლელიშვილმა, იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან პროექტის მონაწილე უწყებების, კომპანიების წარმომადგენელები და მოწვეული სტუმრები. 

სახელმწიფოს მხარდაჭერით პროექტი Check in Georgia უკვე მესამედ ჩატარდება. პროექტის ფარგლებში 2018 წელს დაგეგმილია მნიშვნელოვანი მუსიკალური და სხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები მთელი საქართველოს მასშტაბით.  წელს Check in Georgia-ს ბიუჯეტი 20 მლნ ლარს შეადგენს - ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხარჯება იმ ღონისძიებებზე, რომლებშიც ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ქართველი, მათ შორის დამწყები შემსრულებლები პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მინიმალური დანახარჯებით, რაც მათთვის მნიშვნელოვანი შემოქმედებითი სტიმული  და შესაძლებლობაა.

Check in Georgia წელს აუდიტორიას საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს - საქართველოს რამდენიმე რეგიონში კონცერტებს გამართავენ ანსამბლები: „სუხიშვილები“, „ერისიონი“ და „რუსთავი“, ასევე თბილისის სახ. კამერული ორკესტრი. პროექტის ფარგლებში ჩატარდება საბალეტო ფესტივალი თბილისში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 4GB საგურამოში, ელექტრონული მუსიკა ანაკლიაში, მუსიკის ფესტივალი „ოფენ ეარ“, „არტარეას“ ეზოს ფესტივალი და ა.შ. იტალიის საელჩოსთან შეთანხმებით 2018 წელს ასევე დაგეგმილია სამი უმნიშვნელოვანესი გამოფენა, კერძოდ: „აღორძინების ეპოქის გრაფიკა“ – ტურინის სამეფო მუზეუმის კუთვნილი 50-მდე გრაფიკული დიზაინის მქონე ნამუშევრის გამოფენა;  „ტიციანი, ფერთა დიდოსტატი“ და „ბერნინი და რომაული ბაროკო“ – XVII საუკუნის 50 მნიშვნელოვანი ნამუშევრის გამოფენა. ასევე Check in Georgia 2018-ის ფარგლებში საქართველოში კონცერტებს გამართავენ საერთაშორისო რანგის ვარსკვლავები (მათი კონცერტების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გავრცელდება). 

გასული წლების გამოცდილებამ დაადასტურა, რომ Check in Georgia მნიშვნელოვანი პროექტია, რათა საქართველოში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს შევთავაზოთ დატვირთული ტურისტული პროგრამა, ეს კი მათ მოგზაურობას ჩვენს ქვეყანაში უფრო შთამბეჭდავს გახდის. პროექტი ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც უსაფრთხო და საინტერესო ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისთვის - ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, საქართველო ფიქსირდება ტურისტულ მიმართულებად, რომელიც ფეხს უწყობს თანამედროვე ტურისტული ბაზრის მოთხოვნებს - ტრადიციული ტურისტული ღირშესანიშნაობების გარდა ტურისტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გართობის საშუალებაც აქვთ - მათთვის საინტერესო შემსრულებლები, ფესტივალები, ატრაქციები და ა.შ. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია პროექტის სოციალურ-ეკონომიკური დატვირთვა - ღონისძიებების ჩატარების ადგილზე, რეგიონებში ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვითარდება  ბიზნესსექტორი, მათ შორის მცირე ბიზნესი. Check in Georgia ასევე მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურების თვალსაზრისით. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021