დიმიტრი ქუმსიშვილი - Check-in Georgia ტურიზმისა და ბიზნესის ხელშეწყობისკენ მიმართული პროექტია
14-03-2018

„Check-in Georgia უფრო მეტად არის ეკონომიკური პროექტი, რომელიც მიმართულია ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისკენ, რასაც პირდაპირი გავლენა ექნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და საქართველოში არსებული კომპანიების შემოსავლების ზრდაზე”, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Check-in Georgia-ს 2018 წლის პრეზენტაციაზე. 

სიტყვით გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის მიმდინარეობისას რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება, მათ შორის, პროექტში ჩართული კერძო კომპანიების მიერ. „ასეთ ღონისძიებებში ჩადებული ყოველი ლარი, საბოლოო ჯამში, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას ხმარდება. ეს პროექტი გამიზნულია იმისთვის, რათა უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ მთელი მსოფლიოდან და ასევე მოვახდინოთ შიდა ტურიზმის წახალისება, ვინაიდან შიდა ტურიზმს ჩვენ ეკონომიკაში მოაქვს არანაკლები შემოსავალი და ქმნის არანაკლებ სამუშაო ადგილს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი ბიზნესის გარდა, წლევანდელ პროექტში მცირე  მეწარმეებიც  ჩაერთვებიან.

„მიხარია, რომ Check-in Georgia ჩვენმა ბიზნესმა საკუთარ დღის წესრიგში მონიშნა. ადგილობრივი მეწარმეობისთვის ეს ახალი სტიმული და განვითარების რეალური შანსია. პროექტის კალენდარი ღონისძიებებით მაქსიმალურადაა დატვირთული, ეს ნიშნავს ბიზნესისთვის საკუთარი პროდუქციის წარმოჩენა-რეალიზაციის მეტ შესაძლებლობებს, გაზრდილ შემოსავალს, მეტ დასაქმებულ ადამიანს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, Check-in Georgia -ს პროექტის ფარგლებში როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ბიზნესს შეუძლია იპოვოს საკუთარი სეგმენტი, აითვისოს მისთვის საინტერესო სივრცე, მოახდინოს პროდუქციისა და მომსახურების დივერსიფიკაცია:

„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესის თავისუფლება და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობაა, განსაკუთრებით რეგიონებში, ამას ვადასტურებთ იმ რეფორმებით, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით ხორციელდება“.

Check in Georgia-ს წლევანდელი პროექტის ფარგლებში ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს. 




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021