საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატად გიორგი ქობულია წარადგინა
12-07-2018

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატად საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულია წარადგინა.

გიორგი ქობულია ბოლო 18 წლის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის წარმომადგენელი იყო. როგორც მამუკა ბახტაძემ  აღნიშნა, ამ კომპანიის სახელთან ასოცირდება მე-20 და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გარღვევების, მათ შორის მმართველობითი სისტემის დახვეწის ძალიან დიდი ნაწილი. „გიორგი ქობულიას აქვს დიდი გამოცდილება ბევრ სექტორში, მათ შორის არის ენერგეტიკა, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, ასევე კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზარი და ბევრი სხვა. დარწმუნებული ვარ, რომ იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების ეფექტურად განხორციელებაში, რომელიც დავაანონსეთ და შეტანილია ჩვენს სამთავრობო პროგრამაში“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებსა და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც ეკონომიკის სექტორში განხორციელდება. მისი შეფასებით, ეკონომიკის შემოსავლების თანაბარი განაწილება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისთვის ერთადერთი მიდგომაა. მისი თქმით, ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლისა და რეგიონების განვითარებას.

„ჩვენ ვიცით, რომ რეგიონებსა და სოფლებში სიღარიბის დონე გაცილებით უფრო მაღალია, ამიტომ ვგეგმავთ სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში, ასევე სერიოზულ ღონისძიებებს ვგეგმავთ საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის. დიდი ყურადღება დაეთმობა ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას, რისთვისაც ასევე იგეგმება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი ქობულიას შეფასებით, პროგრამები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან, მაღალ ტექნოლოგიებთან და ინდუსტრიალიზაციასთან, მოითხოვს სერიოზულ ინვესტირებას განათლებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში. მისივე განცხადებით, ყველა ამ გეგმასთან ერთად ყურადღება დაეთმობა აღსრულების დისციპლინის გამყარებას. შევქმნით ძალიან სერიოზულ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ რასაც ჩვენ დავგეგმავთ, იყოს შესრულებული“ – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მინისტრობის კანდიდატმა მედიასთან თავის შრომით გამოცდილებაზეც ისაუბრა.
-
„ბოლო 18 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი საერთაშორისო, ერთ-ერთ მოწინავე საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც მომსახურებას უწევს მსოფლიოს მოწინავე კომპანიებს. პირადად ვუწევდი კონსულტაციას მსოფლიოს ლიდერ, საერთაშორისო კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც ეხებოდა როგორც მართვის სისტემებს, ასევე სტრატეგიებს, საოპერაციო და ძალიან დეტალური საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას. ვთვლი, რომ გამოცდილება, რომელიც შევიძინე 18 წლის განმავლობაში, შეიძლება გამოადგეს დღეს საქართველოს და მზად ვარ, ეს გამოცდილება მოვიტანო ჩვენს  ქვეყანაში“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021