ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოსა და ჩეხეთს შორის ბიზნესპარტნიორობა მნიშვნელოვნად იზრდება
13-09-2018

„ეს ფორუმი არის მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის განვითარდეს თანამშრომლობა და ამას უკვე რეალური შედეგები აქვს“ - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმის მნიშვნელობა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები შეაფასა.

„2018 წლის მეორე კვარტლის სტატისტიკის თანახმად, ჩეხეთი საქართველოს ეკონომიკის სიდიდით ნომერი მეორე ინვესტორი ქვეყანაა, რაც ხუთჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მეტიც, ბოლო წლების მანძილზე ჩეხეთიდან საქართველოში ინვესტიციების მოცულობა ზრდის დინამიკით ხასიათდება. 2017 წელს საქართველოში ჩეხეთიდან 142,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 64 პროცენტით მეტია.  ასევე პოზიტიურია სავაჭრო სტატისტიკა. ასეთი ფორუმები იძლევა შესაძლებლობას, რომ ინვესტორები თავად გაეცნონ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, გაეცნონ იმ მოცემულობას, რომ საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება უცხოური ინვესტიციებისთვის მსოფლიო მასშტაბით. ფორუმი არის პლატფორმა, რომელიც იძლება მნიშვნელოვან გარანტიებს ბიზნესების შეხვედრების წარმატებით დასრულებისთვის“ - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა  ბორივოჟ მინარმა გახსნეს. 

ფორუმში ჩეხური მხრიდან 21 კომპანია მონაწილეობდა შემდეგი სექტორებიდან: ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა, სამედიცინო ტურიზმი, მანქანათმშენებლობა. მათ შორის იყვნენ ისეთი მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა: ŠKODA TRANSPORTATION a.s, ŠKODA ELECTRIC და ა.შ.

ინფორმაციისთვის: 2018 წლის პირველი  7 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის 35%-ით გაიზარდა  და 55.82 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა;  ექსპორტი 9%-ით გაიზარდა და  5.97 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 39%-ით გაიზარდა და 49.85 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021