გიორგი ქობულია - ანაკლიის პროექტი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ორ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხებს
16-09-2018

ანაკლიის პროექტი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ორ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხებს - საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებასა და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნას, ასევე საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბებას,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყების ოფიციალურ ღონისძიებაზე. 

გიორგი ქობულიას განცხადებით, ანაკლიის პროექტი საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდება კონკურენტული მარშრუტებიდან საქართველოს დერეფანში სხვა ტვირთებისა და მოცულობების გადმოტანა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და ანაკლიის პროექტის ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“ და ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. გემი „ათენას“ მეშვეობით ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება მიმდინარეობს, რაც მოიცავს ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღებასა და ნაპირზე განთავსებას.  

“ანაკლია ჩვენთვის არის ძალიან სერიოზული პროექტი, რომელიც პასუხობს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ორ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას. პირველი გამოწვევა ეს არის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება და საქართველოს ლოგისტიკურ დერეფნად ჩამოყალიბება. ჯერჯერობით, ეს ხდება არასაკმარისად და ვითარდება არადამაკმაყოფილებელი ტემპებით. ანაკლიის პროექტი შეიტანს ძალიან მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში და კონკურენტული მარშრუტებიდან საქართველოში სხვა ტვირთებისა და მოცულობების გადმოტანა მოხდება. გარდა ამისა, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩენ გვინდა საქართველო ჩამოვაყალიბოთ როგორც საზღვაო ქვეყანა,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს საზღვაო ქვეყნის დიდი ტრადიცია აქვს, რასაც აღდგენა სჭირდება, „ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავმართეთ საერთშორისო საზღვაო ფორუმი, სადაც ბევრი ვისაუბრეთ ამ თემაზე. ჩვენ გვჭირდება ჩვენი საზღვაო საქმიანობის გაძლიერება. ეს ეხება როგორც საზღვაო სერვისების განვითარებას, ფლოტის შექმნას, აგრეთვე მეზღვაურების უმაღლესი სკოლების მხარდაჭერას და განვითარებას. ეს ორი გამოწვევა არის ძალიან დიდი გამოწვევა საქართველოსთვის და გვჯერა, რომ ანაკლია და ეს დიდი პროექტი წვლილს შეიტანს ამ ორი გამოწვევის გადაწყვეტაში,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა გიორგი ქობულიამ. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ბაზის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021