აკაკი საღირაშვილი - მივესალმებით, რომ ჩვენს მიმართვას დროული რეაგირება მოყვა
19-10-2018

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ჩატარდეს გამჭვირვალედ და საზოგადოების ინტერესების დაცვით. ჩვენ მადლობას ვუხდით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომ დროული და მყისიერი რეაგირება მოახდინეს ჩვენს მიმართვაზე და გამოავლინეს ეს დარღვევები. ამ ეტაპზე ჩვენ ვგეგმავთ, გამოვიყენოთ შეჩერების მექანიზმი 10-ვე ცენტრის მიმართ, ხოლო გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, გაცილებით მკაცრი სანქციის გამოყენებას, რაც ზოგიერთი ცენტრისთვის აკრედიტაციის გაუქმებას ითვალისწინებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება  საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითი ანგარიშების კანონდარღვევით გაცემის ფაქტებზე. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები  როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის  ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ.

აკაკი საღირაშვილის განცხადებით, სანქციების გამოყენება არ არის თვითმიზანი, მაგრამ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კანონის მოთხოვნები ყველამ უნდა დაიცვას. გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალება გზაზე ქმნის ავარიის პოტენციურ რისკს, რომლის ადამიანური მსხვერპლით შეიძლება დასრულდეს. 

„თავის დროზე, ჩვენ ყველას შევუწყვეთ ხელი, რათა მათი ბიზნესი, ეს ცენტრები მოეყვანათ შესაბამისობაში ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ნორმებთან. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ყველა ცენტრმა არ დაიცვა კეთილსინდისიერი თამაშის ნორმები. ასეთ ცენტრებთან, ცხადია, ჩვენ ვიქნებით მკაცრი და კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად ვიმოქმედებთ,“ - განაცხადა მან. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე იგეგმება არსებულ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილების შეტანა. „ცვლილების პაკეტი უკვე მომზადებულია, რათა ცენტრების მონიტორინგის უფრო ეფექტური მექანიზმი დავნერგოთ,“ - განაცხადა მან. აკაკი საღირაშვილის თქმით, „დღეის მდგომარეობით, ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ტექინსპექტირების ცენტრების შემოწმება ხდება მიმართვიანობის საფუძველზე. ცვლილების თანახმად, მონიტორინგის ჯგუფს 24-საათიან რეჟიმში შეეძლება ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობის შემოწმება“. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, იმ ავტომფლობელებს, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმაც ტექინსპექტირება გამოძიების თანახმად არამართლზომიერად გაიარეს, მოუწევთ მიმართონ სხვა ცენტრებს ავტომობილების ხელახალი ინსპექტირებისთვის. სხვა პირები მსგავსი პროცედურის გავლისგან თავისუფლები იქნებიან.

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად 2019 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021