გიორგი ქობულია: „ტურიზმის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოლოდინს გადააჭარბა“
17-12-2018

„ყოველთვის ვამბობდით, რომ ტურიზმი იქნებოდა ძალიან ძლიერი სექტორი და მისი განვითარება მოხდებოდა სწრაფად, თუმცა, რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა“ - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების - Welcome to Georgia 2018-ის  დაჯილდოებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„2018 წელს ჩვენ გვეყოლება 8,5 მილიონამდე ვიზიტორი, რაც რეკორდული ციფრია და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას 2-ჯერ აღემატება. რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევაც - უკვე უნდა დავიწყოთ ძალიან ინტენსიური მუშაობა ტურისტების მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად, რაც არის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ტურიზმის ასეთი სტატისტიკა არამხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო გავზარდოთ. თუ დღეს არ ჩავდეთ ძალიან დიდი ძალისხმევა ტურიზმის ხარისხში - ინფრასტურუქტურაში, მომსახურებაში, სასტუმროებში, ავტოსტრანსპორტში, რამდენიმე წელიწადში ასეთი კარგი შედეგები შეიძლება აღარ გვქონდეს“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia საქართველოში ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. 2015 წლიდან იმართება. მისი მიზანია საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს შორის საუკეთესოების შერჩევა და მათი წახალისება. როგორც Welcome to Georgia-ს დამფუძნებლები აცხადებენ, პროექტი ხელს უწყობს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

Welcome to Georgia 2018-ის ფარგლებში დაჯილდოების 20 განსხვავებულ ნომინაციაში გამარჯვებულები ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტ წარმომადგენელს  შორის გამოვლინდებიან.

თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მასპინძლიბის სფეროს პროფესიონალებისგან შედგებოდა, ხოლო, პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო,“ რომელიც ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში.

წლევანდელ ღონისძიებაზე სპეციალური ჯილდო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „ჯიემთი ჯგუფის“ პრეზიდენტს, გიორგი თავაძეს გადასცა.

2018 წლის დაჯილდოების ცერემონიას 800-მდე სტუმარი ესწრება, მათ შორის არიან  პროექტის ნომინანტები, პარტნიორები, სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და „საპარტნიორო ფონდი“, პროექტის თანაორგანიზატორია „საქართველოს ბანკი“. დაჯილდოების დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველოა“.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021