სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმა

სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმა

 

სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირების მთავარი მიზანია საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის, როგორც ყველაზე უსაფრთხო, მწვანე და მდგრადი სატრანსპორტო ეფექტურობის გაზრდა და განვითარება. რეფორმის ფარგლებში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების საფუძველზე, გათვალისწინებულია ინსტიტუციური სისტემის პრაქტიკულად სრულად გარდაქმნა და ახალი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა.

აღნიშნული რეფორმის განხორციელება დაიწყო 2023 წელს და გათვალისწინებულია მისი 3 ფაზად განხორციელება:   

  • I ფაზა: 2023 − 2025 წლები - ინსტიტუციური ჩარჩოსა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირება;
  • II ფაზა: 2024 − 2026 წლები - მგზავრთა უფლებების ევროპული სტანდარტების დანერგვა და სარკინიგზო ტექნიკური საწარმოების სერტიფიცირება; 
  • III ფაზა: 2026-2027 წლები - სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის ბაზრის რეგულირება და სარკინიგზო თავსებადობის უზრუნველყოფა


I ფაზა:

ინსტიტუციური ჩარჩო:

  • სარკინიგზო ტრანსპორტის მარეგულირებელი ორგანო: დაფუძნდა სარკინიგზო უსაფრთხოების ეროვნული ორგანო – (National Safety Authority – NSA) სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო - 2023 წლის 1 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემის ქვეშ.
  • სარკინიგზო ინციდენტების და შემთხვევების მოკვლევის ბიურო: დაფუძნდა სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში მომხდარი შემთხვევების/ინციდენტების დამოუკიდებელი გამოძიებისა და მოკვლევის წარმოება.


სამართლებრივი ჩარჩო
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების საფუძველზე დასანერგი ევროდირექტივების შესაბამისად: 

  • საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის N394 დადგენილებით დამტკიცდა „სარკინიგზო უსაფრთხოების წესი“. წესი ითვალისწინებს სარკინიგზო უსაფრთხოების საერთო მეთოდებს, მოთხოვნებს უსაფრთხოების მართვის სისტემების, სარკინიგზო საწარმოების და ინფრასტრუქტურის მენეჯერების  სერტიფიცირება/ავტორიზაციის მიმართ. 
  • საქართველოს მთავრობის 2024 წლის 25 დეკემბრის N 442 დადგენილებით დამტკიცდა მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები. დადგენილებით დაწესდა მოთხოვნები მემანქანეთა მართვის მოწმობებისა და სერტიფიკატების გაცემის, პროფესიული სწავლების, გამოცდების, ჯანმრთელობის მდგომარეობის,  მინიმალური კომპეტენციების და ა.შ. მიმართ, ასევე პროცესში ჩართული მხარეების, მათ შორის სასწავლო ცენტრების მიმართ წაყენებულ მოთხოვნები. 
  • საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის N17 დადგენილებით დამტკიცდა სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესი. 
  • რეფორმის პირველი ფაზა აგრეთვე ითვალისწინებს საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულებების შესრულებას, რომლის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 მაისის N266 დადგენილების საფუძველზე, სარკინიგზო ოპერატორთან გაფორმდა საზოგადოებრივი მომსახურების პირველი ხელშეკრულება, რითაც განისაზღვრა საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების ძირითადი მახასიათებლები და შესრულების სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდის პირობები.
     

II ფაზა:

რეფორმის II ფაზა ითვალისწინებს სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნას შემდეგ მიმართულებებზე:

  • მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;
  • სარკინიგზო უსაფრთხოების შესახებ - ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირების თვალსაზრისით;

 

III ფაზა:
რეფორმის III ფაზის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდგომი საკითხების იმპლემენტაცია: 

  • სარკინიგზო ბაზრის მარეგულირებელი ახალი რეგულაციები;
  • მემანქანეების, მოძრავი შემადგენლობის და ინფრასტრუქტურის კომპონენტების რეესტრის შექმნა;
  • სარკინიგზო ოპერატორების ლიცენზირების წესები (კარგი რეპუტაცია, ფინანსური მდგრადობა, პროფესიული კომპეტენცია);
  • სარკინიგზო ურთიერთთავსებადობასთან დაკავშირებული სტანდარტების/წესების დანერგვა.


განხორციელებული რეფორმის შედეგად ამაღლდება სარკინიგზო უსაფრთხოების დონე, დარგში მოქმედი სუბიექტების მხრიდან გაიზრდება სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულება, გაუმჯობესდება დარგის გამჭვირვალობის ხარისხი, ამაღლდება სარკინიგზო გადაყვანა-გადაზიდვების საოპერაციო დონეზე მომუშავე პირების კომპეტენცია და ფორმალიზებული პროცესების დანერგვის შედეგად გაუმჯობესდება სარკინიგზო უსაფრთხოების მართვის ხარისხი.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ვებ-გვერდი: https://www.rta.gov.ge/