სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარება

სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტში კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად განსახილველად შემოდის:

  • ყველა იერარქიის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია, კერძოდ, ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემა, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული განვითარების გეგმა, დასახლებათა (ქალაქის, დაბის, სოფლის) ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა, რომლის სახეობებია: მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, განაშენიანების რეგულირების გეგმა;
  • სპეციალური (ზონალური) შეთანხმება (რაც ითვალისწინებს კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდას) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გარდა;
  • ბაკურიანის, გუდაურის, ბახმაროსა და ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე საპროექტო დოკუმენტაცია სამშენებლო ნებართვის გაცემის I და II სტადიაზე. 

I  სტადია: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება (გაპი);

II სტადია: არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. 

კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი ამზადებს საპროექტო დოკუმენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 აპრილის N1-1/196 ბრძანებით დამტკიცებული „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოზე“ განსახილველად;

საბჭო იმართება ყოველ კვირას და მასზე დასწრება შეუძლია როგორც არქიტექტურული პროექტის შემსრულებელს, ისე დამკვეთს;

საბჭოს სხდომებზე დგება ოქმები და მზადდება პასუხები საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.

 

 

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ექსპერტთა კანდიდატურების შეთანხმება საექსპერტო სამუშაოების განსახორციელებლად

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარებისათვის სპეციალისტების კანდიდატურების განხილვა, შეთანხმება, ექსპერტთა ერთიანი რეესტრის წარმოება.

ექსპერტთა კანდიდატურების შეთანხმების პროცედურა და  წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების II სტადიაზე საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად ნებართვის გამცემ ორგანოში წარადგენს ექსპერტთან (საექსპერტო ორგანიზაციასთან) გაფორმებულ ხელშეკრულებას.

2. ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N61 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით - „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე“ - გათვალისწინებული და აღნიშნული დადგენილების დანართი 2-ის შესაბამისად ექსპერტობის კანდიდატის მიერ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, რომლებიც ორი სამუშაო დღის ვადაში გადაიგზავნება შემთანხმებელ ორგანოში, კერძოდ:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) პირადი ინფორმაცია (CV);
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, სერტიფიკატები);
დ) ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ;
ე) დადასტურებული/დამოწმებული ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული  სამუშაოების შესახებ, ობიექტის დასახელების და მისამართის მითითებით;
ვ) ექსპერტობის კანდიდატის დეკლარაცია, მოწოდებული ინფორმაციის სისწორის შესახებ.

3. შემთანხმებელი ორგანო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ცნობების წარმოდგენიდან 5 დღის ვადაში:

ა) იხილავს წარმოდგენილი ექსპერტობის კანდიდატის მონაცემებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N61 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის - „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე“ - პირველი მუხლის „გ“, „დ“, ან „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო ატარებს ექსპერტობის კანდიდატთან გასაუბრებას.

4. ექსპერტობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სრულყოფილი ინფორმაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას შემთანხმებელი ორგანო წერილობით ითანხმებს ექსპერტის კანდიდატურას.  

 

 

მოქალაქეთა კონსულტაცია

თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია მშენებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის: 

  • მშენებლობა სამეზობლო მიჯნაზე;
  • მიწის ნაკვეთის კატეგორიის მიხედვით მშენებლობის შეზღუდვა; 
  • სარეკრეაციო ტერიტორიებზე ფუნქციური ზონის შესაბამისად დაშვებული ობიექტების სახეობები, მიწის ნაკვეთის განაშენიანების, განაშენიანების სიმჭიდროვისა და გამწვანების კოეფიციენტები;
  • შენობა-ნაგებობების კლასები;
  • და სხვა;

 

 



დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021