საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მეექვსე შეხვედრა გაიმართა
06-12-2019

5-6 დეკემბერს თბილისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მეექვსე შეხვედრა გაიმართა. მასში DCFTA-ის (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა  და ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
 
კომიტეტის შეხვედრაზე ქართულ მხარეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ევროკავშირის მხარეს - ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის რუსეთის, დსთ-ს, უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, ევროპის ეკონომიკური სივრცის, თურქეთისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსი პეტროს სოურმელისი ხელმძღვანელობდნენ.
 
კომიტეტის სხდომაზე განიხილეს DCFTA-ის განხორციელების მხრივ, კერძოდ, საქონლით ვაჭრობის, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, ინტელექტუალური საკუთრის უფლების დაცვის, სახელმწიფო შესყიდვების, ტელეკომუნიკაციების, ფოსტის და საკურიერო მომსახურების, კონკურენციის, ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების საკითხები.
 
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მიერ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის, საბაჟოს, საჯარო შესყიდვების, შრომის უსაფრთხოების, ბაზარზე ზედამხედველობის სფეროებში განხორციელებულ რეფორმებზე. ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ DCFTA-ს ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორციელებული რეფორმები და სხვა ღონისძიებები. 
 
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტი არის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მმართველი ორგანო, რომელიც, შეთანხმების თანახმად, იკრიბება წელიწადში ერთხელ, მორიგეობით - თბილისსა და ბრიუსელში.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021