ნათია თურნავა "ესკო"-ს წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
06-12-2019

ნათია თურნავა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაცია კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დვალიშვილიმა გააკეთა. როგორც მან აღნიშნა,  ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) 2019 წელს საოპერაციო მოგებით ასრულებს, რაც სამომავლოდ ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ 2019 წელი ელექტროენერგეტიკულ სექტორში ძირეული რეფორმების დაწყების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის 1-ელი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა აქვს, ელექტროენერგია საბაზრო ფასად შეისყიდოს. ბაზრის დერეგულირების რეფორმის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოებისთვის, რომ მათ გაზარდონ საკუთარი წარმოებების ენერგოეფექტურობა და იფიქრონ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. რეფორმის შედეგად, 2019 წელს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ 11 მიმწოდებელი და 10 პირდაპირი მომხმარებელი დარეგისტრირდა. 

ზაზა დვალიშვილის განცხადებით, რეფორმა 2020 წელსაც გაგრძელდება. "ენერგეტიკაში მოსალოდნელი სიახლეები გულისხმობს ვაჭრობის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, რისი საწინდარიც არის ახალი სტრუქტურა - „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“.  რეფორმა უნდა განხორციელდეს მასთან ერთობლივად მთავრობის მიერ ახალი სტრატეგიის მოთხოვნების შესაბამისად ვაჭრობის სქემის დანერგვისათვის," - განაცხადა ესკოს გენერალურმა დირექტორმა. მისი თქმით, სექტორში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ელექტროენერგეტიკული ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მომხმარებლებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ესკო-ს მომავალში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება რეფორმის პერიოდში არსებული გამოწვევების პირობებში და იგი კვლავ გააგრძელებს საქმიანობას სექტორის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

შემაჯამებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ ესკო რეფორმის პერიოდში მიმდინარე საოპერაციო წელს მოგებით ასრულებს. "ჩვენ დავიწყეთ ელექტროენერგეტიკული ბაზრის უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელება, რომელმაც ქვეყანაში ელექტროენერგეტიკის თანამედროვე დასავლური საბაზრო პრინციპები უნდა დანერგოს. ამით ჩვენ სერიოზული ნაბიჯი გადავდგით საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცების, ენერგოეფექტურობის გაზრდისა და ქართული ინდუსტრიის აღორძინების მიმართულებით. ენერგეტიკული რეფორმა კარგი სტიმულია იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც საქართველოს გენერაციის ობიექტებში დამატებითი ინვესტიციას განხორციელებით არიან დაინტერესებულნი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიები რეფორმის მიმდინარეობის პროცესში ფინანსურად მყარი და  მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული იყვნენ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციასთან ერთად ესკო-ს მომავალ საქმიანობაში განსაკუთრებული  ადგილი უნდა დაეთმოს  ენერგოეფექტურობას და გარემოს დაცვით საკითხებს და მათ წახალისებას.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021