აკაკი საღირაშვილმა გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
20-02-2020

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ორგანიზებით გაიმართა. 

კონფერენცია მიზნად ისახავს მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ახალი პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიდგომების განსაზღვრას 2020-2030 წლებისთვის, რაც დაეხმარება ქვეყნებს საგზაო უსაფრთხოების ეფექტური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული მძიმე შედეგების რაოდენობა. მინისტერიალში 140 ქვეყნის დელეგაცია და 1700-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.
 
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, აკაკი საღირაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციის სესიაში, რომელიც მიეძღვნა ახალი ტექნოლოგიების განვითარებას საგზაო უსაფრთხოებისთვის. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე როგორც აღსრულების მიმართულებით, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და მდგრადი სატრანსპორტო სისტემების უზრუნველყოფის კუთხით. მინისტრის მოადგილემ ასევე გამოკვეთა ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე ისაუბრა. 
 
მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან მახტარ დიოპთან.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის განვითარების საკითხები. შეხვედრაზე აღინიშნა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის შესახებ როგორც საგზაო უსაფრთხოების, ასევე საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის - ე.წ. „შუა დერეფნის“ გაციფროვნების მიმართულებით, რომელიც, აკაკი საღირაშვილის შეფასებით, ხელს შეუწყობს აღნიშნული დერეფნის ცნობადობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და დამატებითი ტვირთების მოზიდვაში აისახება. 

აკაკი საღირაშვილი მინისტერიალის ფარგლებში ასევე შეხვდა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის მოადგილეს მეთიუ ბოლდვინს.

შეხვედრის დროს განხილული იქნა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. ამასთან, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის განვითარების საკითხები. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ევროკომისიის მხრიდან შესაძლო ტექნიკურ დახმარებაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საგზაო უსაფრთხოების რეგიონალური ობსერვატორიის შექმნის საკითხზე. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მეთიუ ბოლდვინს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტრანსპორტის სექტორის  მხარდაჭერისთვის.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021