ნათია თურნავა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამართულ პრეზენტაციას დაესწრო
20-02-2020

„2019 წელი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის საკმაოდ წარმატებული იყო. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა, ჩვენი ეკონომიკური გუნდი აშენებს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, რაც წარმოუდგენელია ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემისა და  ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერის გარეშე. ამ მხრივ მართლაც კარგი მიღწევები გვაქვს“, - განაცხადა ნათია თურნავამ „ტექნოპარკში“ გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს 5 წლის მუშაობის შედეგები და  2020 წლის გეგმები წარუდგინა.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი სტარტაპების მხარდაჭერის პირველ პროგრამას, რომელიც 100 000-იანი გრანტებით დაფინანსებას გულისხმობდა. მინისტრის თქმით, პროგრამისადმი ინტერესი იყო ძალიან დიდი და საჭირო გახდა მისი შემდგომი გაგრძელება, პროგრამას მთავრობის მხრიდან დაემატა 650 000-იანი გრანტები. 

„ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს უკვე 60-მდე ბენეფიციარია დაფინანსებული, რომლებიც  ძალიან მკაცრი პროცედურების შედეგად შეირჩა. ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად, მიხარია, რომ უკვე გვაქვს რამდენიმე სტარტაპი, რომლებმაც აღიარება ჰპოვეს გლობალურ ბაზარზე. სტარტაპი ვითარდება საქართველოში, მაგრამ თავის დანიშნულებით ის არ ეკუთვნის ერთ რომელიმე ქვეყანას,  ჩვენი ამოცანა კი სწორედ ასეთი გლობალური სტარტაპების მხარდაჭერაა“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ღონისძიების ფარგლებში ტექნოპარკში მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startup - თან სამმხრივი ხელმოწერის ცერემონია შედგა „საქართველოს ბანკს,“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და 500 Startups-ს შორის. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკი“ დამატებით ინვესტიციის სახით სტარტაპებში 1 მილიონი დოლარის მობილიზებას მოახდენს.

„ჩვენ „500 Startups“-თან ერთად გავაგრძელებთ ამ სფეროში აქსელერაციას და პირობას გაძლევთ, მომავალში კიდევ უფრო აქტიურად დავუდგებით გვერდში ინოვაციურ საქმიანობას, ახალ ტექნოლოგიებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ტექნოლოგიების დიდი ნაწილი, რომლებიც განვითარდება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, შექმნილი იქნება სწორედ საქართველოში და არ ვისაუბრებთ ტექნოლოგიების იმპორტზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი შეფასებით, საქართველოში საერთაშორისო ტოპ აქსელერატორის 500 Startups-ის შემოსვლა რეგიონალური მასშტაბის მოვლენაა. აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი კლასის აქსელერატორები მხოლოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყნებში შედიან, შესაბამისად, დაინტერესებულნი არიან სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებასა და მსხვილი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვაში. 

ნათია თურნავამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კერძო სექტორს, რომელიც, მინისტრის განცხადებით, აქტიურად არის ჩართული და სულ უფრო მეტ ინტერესს გამოხატავს პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი სტარტაპების შემდგომი დაფინანსების და განვითარების მიმართ.  

„მსურს, ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დონორ ორგანიზაციებს - მსოფლიო ბანკს, ევროკავშირს და სხვა ორგანიზაციებს. ძალიან დიდია ჩვენი პარტნიორების რიცხვი, ვინც გვეხმარება და მსურს ყველას მადლობა გადავუხადო“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტექნოპარკში გამართულ პრეზენტაციას საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების,  ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები და სტარტაპები ესწრებოდნენ.
 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021