ნათია თურნავამ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ მეჰმეთ ნური ერსოისთან ონლაინ შეხვედრ გამართა
21-05-2020

„ჩვენ თურქეთთან გვაკავშირებს არა მხოლოდ აქტიური ტურისტული მიმოსვლა, არამედ საერთო საქმიანი კავშირებიც. ბიზნესით დაკავებული ბევრი თურქი მოქალაქე ჩამოდის საქართველოში და პირიქით. ორ ერს შორის კავშირი საკმაოდ ძლიერია და მიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველთვის აქტიური იყო. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მზად ვიყოთ, უსაფრთხოდ აღვადგინოთ საქართველოსა და თურქეთს შორის როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო მიმოსვლა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ მეჰმეთ ნური ერსოისთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის, უსაფრთხო იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაც. „აქედან გამომდინარე, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან ვისაუბრეთ იმ პროტოკოლებსა და აუცილებელ პირობებზე, რომლებიც უნდა შესრულდეს ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღსადგენად. ასევე ყურადღება გამახვილდა „თურქეთის ავიახაზების“ მზადყოფნაზე, რომ აღადგინოს ფრენები. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო თურქეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის, არამედ იმის გათვალისწინებითაც, რომ თურქეთი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის არის ერთგვარი სატრანზიტო ჰაბი საქართველოში ჩამოსასვლელად,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ თურქ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, პირველ ივლისს გახსნას ტურისტული ბაზარი საერთაშორისო მოგზაურებისთვის. მისი თქმით, საქართველომ გაატარა პანდემიის გავრცელების შემაკავებელი ეფექტური ქმედებები, რომელმაც ქვეყანას საშუალება მისცა, უფრო ადრე გახსნას საკუთარი ტურისტული სექტორი როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებისთვის. ამის მიუხედავად, მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა თავის გადაწყვეტილებებში მკაცრად იცავს ჯანდაცვისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციების გაიდლაინებს, რათა საქართველოში მოგზაურობა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო.  

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021