ნათია თურნავა ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა
29-07-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, არად ბენკოსთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. 

შეხვედრის მიმდინარეობისას საუბრის მთავარი თემა ბოლო ოთხწლიან პერიოდში საქართველო-ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და მათი განვითარების პოზიტიური დინამიკა იყო. ნათია თურნავამ და არად ბენკომ ხაზგასმით აღნიშნეს - მნიშვნელოვანია, რომ დღითიდღე იზრდება იმ ავსტრიული კომპანიების რიცხვი, რომლებიც თავის საქმიანობას საქართველოში წარმართავენ. 

როგორც შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ავსტრიის ელჩმა დადებითად შეაფასა ბოლო პერიოდში საქართველოს გაზრდილი მიმზიდველობა როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესპოტენციალის თვალსაზრისით. 

„ამაზე მეტყველებს სულ ბოლო ფაქტიც, რაც ახლა დაფიქსირდა - ავსტრიული გიგანტის „OMV ჯგუფის“ წევრი კომპანიის ნავთობის და გაზის მოპოვების სფეროში საქართველოში შემოსვლა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო არის ძალიან მიმზიდველი ბიზნესპლატფორმა და ბაზარი ზოგადად ევროპული, მათ შორის ავსტრიული კომპანიებისთვის. და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი იქნება გასაკეთებელი, ჩვენ პრაქტიკულად, უფრო აგრესიულ, პროაქტიულ საინვესტიციო პოლიტიკას ვიწყებთ, რომ გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რაც პანდემიის შემდეგ გაუჩნდება გლობალურ ბიზნესებს და რა თქმა უნდა, ავსტრიული ბიზნესები ჩვენი ერთ-ერთი სამიზნეა“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021