ნათია თურნავამ ტურიზმის საინვესტიციო პანელი გახსნა
17-09-2020

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში ტურიზმის მიმართულების საინვესტიციო პანელი გაიმართა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავმ გახსნა. საინვესტიციო პანელში სახელწოდებით „ახალი რეალობა - მდგრადი ტურიზმის განვითარების ერა“  საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საინვესტიციო პანელზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას ტურიზმის სექტორის მიმზიდველობის შენარჩუნებისა და ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის. 

„ჩვენ დაუყოვნებლივ განვაახლეთ სახელმწიფო პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“, რომელიც თანადაფინანსებას უზრუნველყოფს სასტუმროს განვითარების სესხებსა და ფრენჩაიზის საფასურის გადახდაზე. განახლება აუცილებელი იყო, რათა იგი ხელმისაწვდომი იყოს ბიზნესისთვის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით უკვე დაფინანსებულია 129 სასტუმრო, შეიქმნა 3300 ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო მთლიანმა ინვესტიციამ 130 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, საგულისხმოა, რომ 2020 წელს, ამ შეზღუდულ პირობებშიც კი, ჩვენ მხარი დავუჭირეთ 10 ახალი სასტუმროს საინვესტიციო პროექტს“ - აღნიშნა მინისტრმა. 

მისივე თქმით, ასევე არიან საერთაშორისო ინვესტორები, რომლებმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში განაგრძეს განვითარების პროექტები და ამრიგად, კოვიდის შემდგომ პერიოდში გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ახალი სასტუმროებით გეგმავენ.

„ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკის გაღრმავებისა და სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ შემოვიღეთ სხვადასხვა ინიციატივები - მაგალითად, ძალიან წარმატებული პროექტის ”დისტანციურად საქართველოდან” ფარგლებში - ვიწვევთ ე.წ. „ფრილანსერებსა“ და თვითდასაქმებულებს, რომ ჩამოვიდნენ ქვეყანაში საცხოვრებლად და სამუშაოდ. ეს არის ეკონომიკის სტიმულირებისა კიდევ ერთი საშუალება და, ასევე, საზღვრების ეტაპობრივი გახსნის შესაძლებლობა უსაფრთხოების მკაცრი ნორმებისა და ჯანმრთელობის პროტოკოლების შესაბამისად“ - განაცხადა ნათია თურნავამ. 

პანელის ფარგლებში პრეზენტაცია გამართა გავლენიანი გამოცემა Financial Times (FDI Magazine)-ის რედაქტორის მოადგილემ, ჯაკოპო დეტონიმ, რომელმაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტენდენციებსა და პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ბილტმორში“ გამართული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სესია სახელწოდებით “ახალი ტენდენციები პოსტ-კოვიდის პირობებში საქართველოში,“ რომლის თავმჯდომარეც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკკორდი იყო. სესიაში მონაწილეობდნენ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი,  მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, „თიბისი ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, „აჭარა გრუპ ჰოლდინგის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ჩეხერია და „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ მმართველი დირექტორი ირაკლი კილაურიძე. 

საინვესტიციო პანელის დასრულების შემდეგ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და „მასტერ კარდ ევროპას“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სხდომის მონაწილეებმა მიიღეს „თბილისის დეკლარაცია“ რომელიც მსოფლიო ტურიზმის გლობალურ საკითხებთან ერთად, შეიცავს იმ პოლიტიკის ძალიან პოზიტიურ შეფასებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს ქვეყანაში ტურიზმის უსაფრთხოებისა და გლობალურ ტურიზმში საქართველოს კიდევ უფრო განმტკიცებისთვის.

“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ ჩვენი დედაქალაქის სახელი ჰქვია ასეთ მნიშვნელოვან დროს UNWTO-ს მიერ მიღებულ დეკლარაციას, რომელიც შეეხება გლობალურად მსოფლიო ტურიზმის მომავალს“ -  განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განმარტებით, „თბილისის დეკლარაცია“ შეიცავს იმ პოლიტიკის ძალიან პოზიტიურ შეფასებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს, რათა ქვეყანა, ტურიზმი იყოს უსაფრთხო და ჩვენი როლი გლობალურ ტურიზმში კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს.




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021