ნათია თურნავამ ეკონომისტებს პროფესიული დღე მიულოცა
10-09-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, სამინისტროს თითოეული თანამშრომლის სახელით, საქართველოს ეკონომისტებს მათი პროფესიული დღე მიულოცა. 

"საქართველოში, ტრადიციულად, სექტემბრის მეორე პარასკევს ეკონომისტის დღეს აღვნიშნავთ, რაც უკავშირდება 1918 წელს პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის „საქართველოს ეკონომისტის“ პირველი ნომრის გამოსვლას. სიმბოლურია, რომ წელს ეს თარიღი ენერგეტიკოსის დღეს დაემთხვა. ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი დარგია, რომლის გამართული მუშაობის გარეშეც საუბარი ზოგადად ეკონომიკის განვითარებაზე წარმოუდგენელია.
 
ამიტომ, ნება მიბოძეთ პროფესიული დღე მივულოცო საქართველოს ყველა ეკონომისტს და ასევე ყველა ენერგეტიკოსს, რადგან ისინი ერთად ქმნიან ახალ ძლიერ თანამედროვე საქართველოს. 

განსაკუთრებულად მინდა მოვიხსენიო ის ღვაწლმოსილი ეკონომისტები, რომლებმაც 1999 წლიდან საფუძველი ჩაუყარეს ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნის ტრადიციას. მათ ამით ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს და მას მოფრთხილება და რაც მთავარია, განვითარება ესაჭიროება. 

დღეს საქართველოს ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყანა ნელნელა გამოდის კოვიდ-პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისული ვითარებიდან. პოზიტიური ტენდენციები სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომ უკვე მომდევნო წლებში ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც ხელს შეუწყობს პანდემიით დაზარალებული დარგების სრულად აღდგენა  - განვითარებას. ამავე დროს, პანდემიამ დაგვანახა, რომ აუცილებელია უფრო მდგრადი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული გარე რყევებზე და უფრო მეტად იქნება მიმართული ინკლუზიური განვითარებისკენ, სიღარიბის შემცირებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისაკენ, ბიზნესის მხარდაჭერისა და ექსპორტის გეოგრაფიული არეალის გაფართოებისკენ და ა.შ. ამისათვის აუცილებელია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ცოდნის მიმართვა ერთი მიზნისკენ, როგორ გავხადოთ ჩვენი სამშობლო, მისი ეკონომიკა უფრო ძლიერი და განვითარებაზე ორიენტირებული. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს." 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021