გურამ გურამიშვილმა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
24-11-2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. 

"ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დაფუძნება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მუშაობს სატრანსპორტო საკითხებზე, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ვაჭრობის განვითარებას“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში. მისი თქმით, საქართველო და ყაზახეთი არიან TRACECA-ს საერთაშორისო დერეფნის, ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი), CAREC-ის და სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების და მარშრუტების აქტიური წევრები.

„კოვიდ 19-ის პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ შეძლო შეექმნა ყველა პირობა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების უსაფრთხო და შეუფერხებელი განხორციელებისათვის, რაც თავისთავად აისახა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მოცულობების ზრდაზე. კერძოდ, საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების მოცულობა 2021 წლის 9 თვის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.6%-ით, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვები 13.7%-ით გაიზარდა.“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

გურამ გურამიშვილმას განცხადებით დღეს საქართველო და ყაზახეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოებია, რომლებმაც ახალი ფორმაციის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები შექმნეს და განავითარეს. საქართველო ადასტურებს მზაობას, ითანამშრომლოს ყაზახეთთან ჩვენს ქვეყნებს შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარების მიზნით და სთავაზობს ყაზახეთს, კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენოს საქართველოს დერეფანი ტვირთების გადასაზიდად ევროპის და უკუმიმართულებით ვინაიდან საქართველოს თვალსაჩინო ადგილი უკავია თავისი გეოსტრატეგიული და ბუნებრივი უპირატესობებით რეგიონში და ამასთან, იგი რჩება უსაფრთხოების სტანდარტების ერთგული. 

პრეზენტაციაზე მოხსენება გააკეთეს ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვმა, აგრეთვე „ყაზახურ - ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021