ნათია თურნავამ ზეთისხილის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
26-11-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ზეთისხილის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ზეთისხილის სექტორის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ძლიერი მხარდაჭერა, ქართველი ინვესტორების და პირველ რიგში ზეთისხილის ასოციაციის აქტივობა. მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ დღეს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი სწორედ ქართველი ინვესტორია. 

სიტყვით გამოსვლისას, ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა მთავრობის წვლილს როგორც ზეთისხილის კულტურის განვითარებაში, ასევე ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის დივერსიფიცირების აქტიურ პოლიტიკაში. 

„ეს პოლიტიკა პირველ რიგში, მიმართულია სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქციის დივერსიფიკაციისკენ, აღორძინებისა და ზოგადად ქართული წარმოების განვითარებისკენ. ჩვენ მთავარი პრიორიტეტი ამ მიმართულებით  სწორედ ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაა ისე, რომ ჩანაცვლდეს მაქსიმალურად იმპორტი და განვითარდეს ექსპორტი. ჩვენ უპრეცედენტო მხარდაჭერა აღვუთქვით სოფლის მეურნეობის მიმართულებას და თანადაფინანსების პარალელურად, ასევე, შევთავაზეთ „აწარმოე საქართველოში“ სესხის უზრუნველყოფის პროგრამა, რის შედეგადაც მრავალწლიანი კულტურების მოყვანა დღეს ქვეყანაში უფრო ხელმისაწვდომი და ფინანსურად მომგებიანი გახდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაც გახდა. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიზანია, წვლილი შეიტანოს ზეთისხილის კულტურის განვითარებაში; მათი ორგანიზებით იმართება ფორუმები საერთაშორისო დისკუსიისთვის, რათა გადაიჭრას ნებისმიერი საკითხი, რომელიც ზეთისხილის სექტორს უკავშირდება.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021