ლევან დავითაშვილი ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა
11-05-2022

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვიოთარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა და მათთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტის მიმართულებები განიხილა. საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები გააცნო და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა. 

საბჭოს სხდომაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, ლევან დავითაშვილმა ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, აგრეთვე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათი გავლენა და გამოწვევები. ინტერესი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მიმართ ამერიკული ბიზნესის მხრიდან გამოითქვა, მოიცავს მთელ რიგს დარგებს - მათ შორის არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი და სხვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაზე. 

„ენერგეტიკა დღეს აქტუალური თემაა. ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებთან ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების დიდი შესაძლებლობები. ამასთან, საქართველო განიხილება ევროპისთვის ენერგომატარებლების მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტადაც. ასევე დიდია განახლებადი ენერგიის ექსპორტის დიდი შესაძლებლობები ქვეყანაში, რაც ამერიკელ ინვესტორებს ძალიან აინტერესებთ,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც შეიძლება გაჩნდეს რეგიონში. მისი თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს როლი რეგიონში განსაკუთრებულია და საქართველო არის მოკავშირე, რომელიც ევროპას ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან აკავშირებს. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მხრიდან ამერიკასთან ეკონომიკური ურთიერთობები არის პრიორიტეტული და ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება.   

ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021