ლევან დავითაშვილი აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდა
12-05-2022

„აშშ-ის კონგრესში, ჩვენს მეგობარ კონგრესმენებთან შეხვედრის დროს, იყო ძალიან მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მადლობას ვუხდით კონგრესმენებს ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რაც გამოხატულია საქართველოს მხარდაჭერის აქტში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა იმ პირობებში, როდესაც რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი და აქ საუბარია იმაზე, რომ აშშ-ის კონგრესი და კონგრესმენები ყველა ფორმატში მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა კონგრესმენებთან - დარენ სოტოსა და ბრენდან ბოილთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრები ვიცე-პრემიერის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა და მათში ასევე საქართველოს ელში აშშ-ში დავით ზალკალიანი მონაწილეობდა.

კონგრესმენებთან გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, აგრეთვე გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. აღინიშნა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მისი ევროკავშირში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.  

საქართველო დაინტერესებულია, რათა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან გადავიდეს ახალ საფეხურზე, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მხრივ, ხაზი გაესვა  ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. ასევე აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება საქართველოსა და აშშ-ს შორის.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად, კონგრესი მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას და ეს არის ძალიან მკაფიო მესიჯი. მისივე თქმით, კონგრესმენების მხრიდან არსებობს სურვილი, რომ საქართველოსთან მეტი ერთობლივი პროექტი განხორციელდეს.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021