ლევან დავითაშვილი კომპანია „ამაზონის“ ვიცე-პრეზიდენტს მაიკლ ფუნკეს შეხვდა
18-01-2023

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომპანია „ამაზონის“ ვიცე-პრეზიდენტთან მაიკლ ფუნკესთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა დავოსში ვიზიტის ფარგლებში შედგა, სადაც საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება.

„მსოფლიოს უმსხვილეს ონლაინ-სავაჭრო პლატფორმა „ამაზონს“ შევთავაზეთ, რომ განიხილონ შესაძლებლობა საქართველოში „ამაზონის“ ვებსერვისების (AWS) რეგიონული მონაცემთა ცენტრის მოწყობისთვის“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რაზეც „ამაზონის“ ვიცე-პრეზიდენტთან ისაუბრა, არის საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება, სამინისტროს პრიორიტეტები და საქართველოში ციფრული მიმართულებით არსებული საკანონმდებლო გარემო, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებთან მაქსიმალურად არის დაახლოებული და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.

„ჩვენი შეთავაზებაა, რომ „ამაზონმა“ საქართველო განიხილოს როგორც მონაცემთა გაცვლის ერთ-ერთი ჰაბი და შეისწავლოს საქართველოში დატა-ცენტრის შექმნის  შესაძლებლობა. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობის სხვა მიმართულებებზე, მათ შორის ციფრულ ტრანსფორმაციაში „ამაზონის“ დახმარებაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, კადრების მომზადებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021