საქართველომ ICAO-ს რეიტინგში 106-ე პოზიციიდან 30–ე პოზიციაზე გადაინაცვლა
20-03-2018

საქართველომ ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) სტანდარტების შესრულების თვალსაზრისით 87,5 პროცენტი აჩვენა, რაც პირველი შემთხვევაა საქართველოს ავიაციის ისტორიაში და რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - ამის შესახებ ცნობილი გახდა პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაციას შეხვედრაზე, რომელიც 20 მარტს თბილისში გაიმართა. ICAO-ს კოორდინირებული ვალიდაციის მისიას, რომელიც საქართველოში აუდიტის ჩასატარებლად იმყოფება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო  მასპინძლობს. 

შეხვედრაზე აღინიშნა ის დიდი პროგრესი, რომელიც საქართველოს საავიაციო სისტემამ განიცადა 2013 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგებთან შედარებით. ითქვა, რომ ,,ღია ცის“ პოლიტიკის პარალელურად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მნიშვნელოვნად გაამკაცრა ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნები ავიაგადამზიდავებისთვის, რამაც ადგილობრივი ბაზრით რეგიონის წამყვანი ავიაკომპანიების დაინტერესება გამოიწვია. აღინიშნა, რომ სამოქალაქო ავიაციაში გატარებული ლიბერალური პოლიტიკა დადებითად აისახა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე - საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდნენ ახალი ავიაკომპანიები, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი. შედეგად, გაიზარდა კონკურენცია, რაც დადებითად აისახა მგზავრთა ნაკადზე.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ  გაუმჯობესება ყველა შემოწმებულ კომპონენტში აჩვენა. კერძოდ,  ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:

  • სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობის (ANS) ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელმა 96.49%-ს შეადგენა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტში 62.47%-ს შეადგენს;
  • სააგენტოს მიერ აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობის მაჩვენებელი 92.36%-ს გაუტოლდა. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 58.53%-ს შეადგენს;
  • ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაცია საავიაციო კანონმდებლობის ნაწილში (LEG) გახდა - 95.24%. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 71.46%-ს შეადგენს;
  • ორგანიზაციულ ნაწილი (ORG), რომელიც საავიაციო ხელისუფლების ორგანიზაციურ-სტრუქტურულ, ფინანსურ და ადამიანურ შესაძლებლობებს სწავლობს,  91.57%-მდე გაუმჯობესდა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტში 67.75%-ია.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მსგავსად, მაღალი შედეგები აჩვენა სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურომ. ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელი ამ კუთხით 90.1% გახდა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი კი 55.54%-ს შეადგენს.

ICAO-ს აუდიტის ფარგლებში შემოწმდა შემდეგი სფეროები: სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა (ANS), აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობა (AGA), საავიაციო კანონმდებლობა (LEG), სამოქალაქო ავიაციის საორგანიზაციო სტრუქტურა (ORG) და საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა (AIG). 

მიღებული შედეგებით, საქართველოს საერთო მაჩვენებელი ICAO-ს გლობალური უსაფრთხოების გეგმის მიხედვით 64.76%-დან 87.5%-მდე გაუმჯობესდება, რაც პირველი შემთხვევაა საქართველოს ავიაციის ისტორიაში. შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ICAO-ს წევრი სახელმწიფოების რეიტინგში ქვეყანა 106-ე პოზიციიდან 30-ე პოზიციაზე დაწინაურდება.

ვალიდაციის აუდიტის ოფიციალურ დასკვნას ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 90 დღეში მიიღებს.

 

დამატებითი ინფორმაცია:

საქართველო ICAO-ს წევრი 1994 წელს გახდა. 2007 წელს, ICAO-ოს საავიაციო სისტემის ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველო ვერ ასრულებდა საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების 68%-ს. აუდიტმა დაასკვნა, რომ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება ვერ ახორციელებდა მასზე დელეგირებულ ვალდებულებებს, მათ შორის სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა უმთავრესს - ფრენების უსაფრთხოებაზე საკმარის ზედამხედველობას. 2010 წელს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განხორციელებულიყო რეფორმა, რომლის პირველი ეტაპი დასრულდა 2011 წლის 15 აპრილს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შექმნით. რეფორმამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შესაძლებლობა მისცა, აღედგინა ეფექტური კონტროლი ფრენების უსაფრთხოებაზე, ჩამოეყალიბებინა საავიაციო დარგში არსებული მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურა, აეყვანა და ჰყოლოდა საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისათვის საკმარისი და კვალიფიციური პერსონალი, ჰქონოდა საკუთარი ფინანსური რესურსები აღნიშნული სპეციალისტებისათვის კონკურენტუნარიანი სახელფასო პაკეტის შეთავაზების, მათი შენარჩუნების, სწავლებისა და პროფესიული მომზადება/გადამზადებისთვის. 2013 წლის ყოვლისმომცველმა აუდიტმა აჩვენა, რომ 2007 წლის აუდიტთან შედარებით საქართველოს ჰქონდა 24%-ით უკეთესი საერთო მაჩვენებელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორიო ორგანიზაციის მოთხოვნების  შესრულების თვალსაზრისით. 2015 წელს, თითქმის 30%-ით გაუმჯობესდა საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის მაჩვენებლები. 2016 წელს, საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების (ავიაკომპანიების) ზედამხედველობა გაუმჯობესდა 82.73%-მდე (მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი 66.6%), ხოლო საჰაერო ხომალდების ვარგისობის ზედამხედველობის (AIR) ხარისხი 82.11%-მდე გაიზარდა (მს. საშუალო მაჩვენებელი 74.57%). 2016 წლის აუდიტის ფარგლებში, საქართველომ პირველად გადააჭარბა ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმით დადგენილ 60%-იან მაჩვენებელს და 64.76%-იანი შედეგი აჩვენა.


 




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021