გენადი არველაძე - DCFTA ვაჭრობის სტატისტიკაზე დადებითად აისახა
15-06-2018

15 ივნისს, ქ. ბათუმში გამართულ რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მიმართულებით, ასევე  მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ DCFTA-ის დადებითი გავლენა, პირველ რიგში, ასახულია ვაჭრობის სტატისტიკაზე - მიმდინარე წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 25.7% და შეადგინა 1 0701.1 მლნ. აშშ დოლარი. ევროკავშირი დღესდღეობით წარმოადგენს საქართველოს პირველ სავაჭრო პარტნიორს.

სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გენადი არველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ მიღწევებზე, როგორიცაა საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო/ევროპული აღიარების მოპოვება, რაც გულისხმობს საქართველოში აკრედიტებული პირების მიერ გაცემული სერტიფიკატების და  ლაბორატორიული გამოცდის ოქმების საერთაშორისო აღიარებას. საქართველომ წარმატებას მიაღწია ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის თვალსაზრისით და აგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. გენადი არველაძემ ასევე ისაუბრა შეთანხმების განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაციის კუთხით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. 

როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, სწორედ ამისთვის სამინისტრომ შეიმუშავა DCFTA-ის შესრულების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის. მან ასევე ისაუბრა რეგიონისათვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების შესახებ და საქართველოს როლზე ამ მიმართულებით.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021