პეკინში საქართველოსა და ჩინეთის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
03-08-2018

2 აგვისტოს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, "საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების“ პროექტის ტექსტზე მოლაპარაკებების ფარგლებში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. 

ქართულმა მხარემ ჩინეთის დელეგაციას გააცნო ინფორმაცია საქართველოს სატრანსპორტო სისტემის და საბაჟო პროცედურების შესახებ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საავტომობილო გადაზიდვების განვითარების მნიშვნელობას. 

ასევე მხარეებმა გამოთქვეს სურვილი ზემოაღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი კომისიების სხდომების ფარგლებში მოხდეს ორივე ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლების ჩართვა, რომელსაც ექნება სისტემატიური ხასიათი.  აღნიშნული ფორმატის დაარსება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საავტომობილო ტრანსპორტირების წარმოების პროცესში გადამზიდავებისათვის შექმნილი ბარიერების დროულად აღმოფხვრას, კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას. ასევე კომპანიებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის საპილოტე გადაზიდვების განხორციელებაში მონაწილეობის მიღების ინტერესი გამოხატეს.

საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ამასთან მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის, კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა. 

ჩინეთის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ისეთი მსხვილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიები, როგორებიცაა Sinotrans&SCS Holdings Co.Ltd, COSCO Shipping, Heilongjiang Dragon Transportation Group, Xinjiang Tianye Group Co. ltd. და სხვა. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობას ღებულობდა ჩინეთის საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტი და ჩინეთის სავაჭრო ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე. აღსანიშნავია, რომ ჩინური კომპანიების ნაწილს ჰქონდათ საქართველოსთან თანამშრომლობის გამოცდილება ქართული პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის განხორციელების მიმართულებით.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021