პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რუსული ავიაკომპანიების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს პოზიცია ცალსახაა და გმობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით აეროპორტის ოპერირებას. ამ თემაზე ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა.
„ამაზე ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და არაერთხელ დაგვიფიქსირებია - საქართველო გმობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით აეროპორტის ოპერირებას და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოზიცია და განცხადება, ამას მხარს უჭერს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია - ICAO. ჩვენ გვაქვს მუდმივი დიალოგი და მჭიდრო თანამშრომლობა ორგანიზაციასთან, ეს ეწინააღმდეგება ICAO-ს პრინციპებს, ეწინააღმდეგება კანონს ოკუპაციის შესახებ. ამაზე სამინისტროს ჰქონდა ყოველთვის მკაფიო პოზიცია, ასევე რეაქცია - ჩვენი მხრიდან ეს ყოველთვის ღიად დაგმობილი იყო და ამ პოზიციას, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ “, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
როგორც ლევან დავითაშვილი განმარტავს, იმ შემთხვევაში, როდესაც საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ვერ ხდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან უსაფრთხოების ნორმების შეფასება და შემოწმება ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად, ორგანიზაცია ცალსახად ამას არ აღიარებს. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ამ შემთხვევაში რამდენიმე სანქცირებული კომპანიის ოპერირებაზეა საუბარი.
პირველი ვიცე-პრემიერი ამ თემაზე საუბრისას ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს პოზიცია ნათელია და დაფიქსირებულია ყველა დონეზე - რომ ოკუპირებული რეგიონში რუსული ავიაკომპანიების მიერ ფრენების დაწყება ცალსახად შეუსაბამობაშია საერთაშორისო კონვენციის წესებთან. ამასთან, მისი თქმით, ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად უსაფრთხოების ნორმები ამა თუ იმ აეროპორტში უნდა მოწმდებოდეს, რათა საერთაშორისო ფრენები, პირველ რიგში, მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხორციელდებოდეს.
„ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა და დაფიქსირებულია ყველა დონეზე, საჯაროდაც და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამაზე სპეკულაცია საჭირო არა არის. კომპანიები, რომლებიც არღვევენ ოკუპაციის შესახებ კანონს, რა თქმა უნდა, საქართველოში ვერ განახორციელებენ ოპერირებას. აქედან გამომდინარე, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი არის გამოყენებული. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სანქცირებული კომპანიები მოახდენენ ოპერირებას, მაგრამ ჩვენ არ გვექნება მათზე გავლენის მოხდენის საშუალება, ეს არის ობიექტური გარემოება - ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, ჩვენი მხრიდან არაღიარებული, ასევე არაღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70