დიმიტრი ქუმსიშვილი: „ევროპის საგარეო საინვესტიციო გეგმა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოზეც ვრცელდება“
21-03-2018

„ევროპის საგარეო საინვესტიციო გეგმა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაზეც ვრცელდება“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საგარეო საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებული ღონისძიების დაწყებამდე განაცხადა. 

ღონისძიებაში მონაწილეობს ევროკავშირის დელეგაცია, რომელსაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვა ხელმძღვანელობს. 

პირველი ვიცე-პრემიერის განმარტებით, გეგმის ფარგლებში ჯამურად უკვე განხორციელებულია 4,1 მილიარდი ევროს ინვესტიცია, თუმცა 2020 წლამდე იგეგმება 44 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მოზიდვა. 

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ევროპის საგარეო საინვესტიციო გეგმა  წარმოადგენს ევროკავშირის ახალ მექანიზმს, რომლის მიზანია აფრიკისა და ევროკავშირის სამეზობლო რეგიონის პარტნიორ ქვეყნებში ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას. აღნიშნული თანხის ინვესტიციები სწორედ ამ ქვეყნებზე ვრცელდება. 

გეგმის მთავარი მიზანია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა, მდგრადი განვითარების წახალისება და არალეგალური მიგრაციის გამომწვევ ფაქტორებთან ბრძოლა.   

გეგმა ასევე მოიცავს კერძო ინვესტორების დახმარებას, რომლებსაც გააჩნიათ ისეთი საინვესტიციო გეგმები, რაც მიმართულია სოციალური საჭიროებებისკენ და რომელთა დაფინანსებისთვის, საჯარო ფინანსებთან ერთად, შესაძლებელია საჭირო იყოს კერძო ფინანსური რესურსიც. პროგრამა დაეხმარება კერძო ინვესტორებს ასეთი ბიზნესების დაწყებასა და გაფართოებაში საბანკო გარანტიებითა და ტექნიკური დახმარებებით. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ინვესტორთათვის რისკის შემცირების შესაძლებლობას იძლევა. 

„ეს არის ის საგარანტიო მექანიზმები, რომელსაც მიიღებს ჩვენი კომერციული საბანკო სექტორი, რათა უკვე სექტორების, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, ინოვაციებისა და სხვა მიმართულებების მიხედვით შეძლონ რისკების შემცირება ამ საგარანტიო მექანიზმების გამოყენებით და დაინტერესებულ პირებზე კრედიტების გაცემა.  ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკას წაახალისებს. საბოლოოო ჯამში, ეს არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც დიდი პროექტების კუთხით მსხვილი ინვესტორების შემოყვანის შესაძლებლობას მოგვცემს, ხოლო მცირე პროექტების მხრივ, რისკების შემცირების შესაძლებლობას უკვე პორტფელის მიხედვით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოში ამ ინსტრუმენტის გატარებაში პრაქტიკულად ყველა საინვესტიციო ბანკი, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და გერმანიის საკრედიტო ბანკი იქნება ჩართული. 

„შესაბამისად, თანხა არის ჩვენზე დამოკიდებული“, - დასძინა ეკონომიკის მინისტრმა.