ტრანსპორტი

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულია აღნიშნული სფეროს მართვის ძირითადი ორგანიზაციული პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები, ასევე სახელმწიფო პოლიტიკისა  და ტექნიკური რეგულირების ორგანოები.

ტრანსპორტის კანონმდებლობა ასევე შედგება დარგობრივი კოდექსებისა და კანონებისაგან. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედებს საქართველოს საჰაერო კოდექსი, რომლის შესაბამისად რეგულირდება საჰაერო სივრცის მართვა, ნებართვების გაცემა, საავიაციო პერსონალის სერტიფიცირება და სხვა.

საავტომობილო ტრანსპორტის დარგი რეგულირდება ძირითადი კანონით ”აავტომობილო ტრანსპორტის შესახებ”, რომლის შესაბამისად განსაზღვრულია დარგის ძირითადი ამოცანები, მართვა და ნებართვების გაცემის ზოგადი წესი.

ასევე დარგის რეგულირებისათვის გამოიყენება საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ და საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“.

სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში მოქმედებს საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს გადაყვანა-გადაზიდვის პროცესის ორგანიზების ძირითად პრინციპებს, ტვირთის გადაზიდვისა და გაფორმების ზოგად წესს.

საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მოქმედებს შემდეგი საკანონმდებლო ნორმატიული აქტები: "საზღვაო კოდექსი”, საქართველოს კანონი "საზღვაო სივრცის შესახებ”,  საქართველოს კანონი "საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ”,  საქართველოს კანონი "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ” და საქართველოს კანონი “მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ”. "საზღვაო კოდექსი” არეგულირებს საზღვაო ნაოსნობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. საზღვაო ნაოსნობა გულისხმობს გემების გამოყენებას მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ფოსტის გადასაზიდად, თევზისა და საზღვაო რეწვის, სასარგებლო წიაღისეულის ძიება-მოპოვების, საბუქსირო და სამაშველო ოპერაციების წარმოებისა და სხვა სამეურნეო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისთვის. კანონი "საზღვაო სივრცის შესახებ” განსაზღვრავს შავ ზღვაში საქართველოს შიდა საზღვაო წყლების, ტერიტორიული ზღვის (წყლების), მიმდებარე ზონის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის სამართლებრივ სტატუსს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. "საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებს ზღვაში განსაცდელში მყოფი ყველა ადამიანისთვის, გემისთვის ან/და საფრენი აპარატისთვის, განურჩევლად მათი ეროვნული კუთვნილებისა და სტატუსისა, დახმარების აღმოჩენის და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის წესებს. კანონი "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ” განსაზღვრავს საქართველოში მეზღვაურთა სწავლების, მომზადების, სერტიფიცირებისა და კომპეტენციის მიღების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს, ასევე საქართველოს დროშით მცურავი გემების ნაოსნობის სტანდარტებს, საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგის, საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და მონიტორინგის, სამედიცინო დაწესებულებების შერჩევისა და მონიტორინგის სისტემას. კანონი "მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ” ადგენს საქართველოში მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ერთიან სისტემას საქართველოს კანონმდებლობის და მეთევზე-მეზღვაურთა სერტიფიცირების, მომზადებისა და ვახტის გაწევის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ტრანსპორტის დარგში ტექნიკური რეგულირება ხორციელდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ტექნიკური რეგლამენტების ნუსხას კი ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საავიაციო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოები, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეიმუშავებენ უსაფრთხოებისა და უშიშროებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ რეგლამენტებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორს აქვს ნორმატიული აქტის - ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება. 



დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021