გიორგი ქობულია ქვემო ქართლში მეწარმეებს შეხვდა
12-04-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ბოლნისში ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს პროფესიული გადამზადების პროგრამა და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი,  სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმ სამოქმედო გეგმაში, რომელიც საქართველოს მთავრობას, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გააჩნია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ისეთი საგარანტიო მექანიზმების ამოქმედებას, რომლითაც სახელმწიფო ბიზნესს დაეხმარება სესხის აღებისთვის საჭირო  უზრუნველყოფაში და დაუდგება თავდებში. 

ადგილობრივმა მეწარმეებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში ანაზღაურდება ინდივიდუალური სესხის ძირი თანხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ლიმიტის ფარგლებში.  

სქემის ფარგლებში საკრედიტო გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე და გარანტიის მაქსიმალური ვადიანობა  შეადგენს 10 წელს. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 2 000 000 ლარს. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000  ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 ლარს. 

გიორგი ქობულიამ მეწარმეებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომელთა განვითარებაც, მისი შეფასებით, პრიორიტეტულია ქვემო ქართლის რეგიონისთვის. 

„მთავრობა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ ამ რეგიონის უკეთესი განვითარებისთვის, ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს ამ სექტორებში, ასევე ვხედავთ გამოწვევებსაც. ვგეგმავთ, რომ რეგიონში ჩამოვიყვანოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ადგილობრივ, მცირე და საშუალო ბიზნესს კონსულტაციას გაუწევენ კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების კუთხით“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისი თქმით, კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც აქვს განვითარების დიდი პოტენციალი, არის ტურიზმი. „სახელმწიფო აქტიურად  შეუწყობს ხელს იმ ინვესტორებს, რომლებიც ამ სექტორში განახორციელებენ ინვესტიციებს და გახსნიან ახალ სასტუმროებს. გარდა ამისა, აშენდება საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

გიორგი ქობულიამ მეწარმეებთან შეხვედრაზე ასევე ვრცლად ილაპარაკა ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებულ მასშტაბურ პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს ყოველწლიურად ათასობით ადამიანის პროფესიულ გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. მინისტრის შეფასებით, ეს პროგრამა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, დაეხმარება კონკრეტულ ადამიანებს მათი პროფესიული უნარ-ჩვევების შესაბამის სამსახურში დასაქმებასა და  უფრო მაღალი შემოსავლის მიღებაში. მინისტრის თქმით, პროფესიული განათლება უნდა გახდეს საქართველოში კარიერის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა.

ბოლნისში მინისტრთან გამართულ შეხვედრას ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021