ნათია თურნავა თანადაფინანსების გრანტების პროგრამებში გამარჯვებულ სტარტაპერებს შეხვდა
17-06-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სხვადასხვა საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულ სტარტაპერებს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე. 

„კოვიდ 19,“ რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოწვევაა მსოფლიოსთვის, თუმცა, ეს გამოწვევა ჩვენი სტარტაპერებისთვის, ინოვატორებისთვის, კრეატიული ადამიანებისთვის გახდა ახალი შესაძლებლობა, რომ საინტერესო იდეებით შემოსულიყვნენ და ჩვენ ამ იდეებს ყოველთვის ვუჭერთ მხარს“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ სტარტაპერებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ძალიან ბევრი საინტერესო გამოგონება შეიქმნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის არის როგორც სამედიცინო ტექნოლოგიები, ასევე, იზოლაციის პირობებში ადამიანების ყოფის გაუმჯობესებისკენ და მეტი კომფორტის შეთავაზებისკენ მიმართული გამოგონებები, ასევე ისეთი სხვადასხვა გამოწვევის ზემოქმედების შერბილებისკენ მიმართული სტარტაპები, როგორიც არის რიგების პრობლემა, უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვის თემა და ა.შ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის ინოვაციები ტურიზმში, რადგან ტურისტული ინდუსტრიაც აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო აქამდე  - ძალიან ბევრი ახალი განვითარებაა და ამას ეხმარებიან ჩვენი სტარტაპები. არის  სხვადასხვა გადაწყვეტილება, რომელიც  ძალიან საინტერესოა არამარტო საქართველოსთვის, არამედ, მთლიანად გლობალური ბაზრისთვის.  გვაქვს სპეციალური პროგრამა და პოლიტიკა, რომლითაც უნდა წავახალისოთ მომავალში ჩვენი სტარტაპები, ჩვენი ეკოსისტემა. უკვე მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და ვფიქრობთ, რომ ეს არის ახალი შესაძლებლობები, რასაც მხარს დავუჭერთ“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ახალი ინოვაციიური იდეები,  მათ წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები გააცნეს.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021