ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა გამართა ევროკავშირის წარმომადგენლებთან
07-07-2020

საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროგრამები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორ ლოურენს მერიდიტთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროს ვინსენტ რეისთან. შეხვედრა ონლაინ-ფორმატში ჩატარდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე.

ონლაინ შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს მხარდაჭერის პროგრამებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ანტიკრიზული გეგმის ფარგლებში, მათ შორის ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს. 

შეხვედრის დასაწყისში ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველომ მიიღო ევროკავშირის მიერ ე.წ. „მწვანე“ ქვეყნებს შორის დასახელებით. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებების აღიარებაა.  

გარდა ამისა, ონლაინ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მწვანე ზრდა, დიგიტალიზაცია, ელექტრონული ოპერაციების განვითარება, ქვეყნის ინტერნეტიზაცია, ენერგეტიკული რეფორმა და სხვ., ასევე მიმოხილულ იქნა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა იმ ეკონომიკურ გამოწვევებზეც, რომლებიც პანდემიის შედეგად წარმოიქმნა. აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარდაჭერას აღმოუჩენს ქვეყანას მათი დაძლევის პროცესში.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021