ნათია თურნავამ „რუსთავის აზოტში“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
29-10-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „რუსთავის აზოტს“ ესტუმრა და პირადად გაეცნო საწარმოში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაო პროცესს.

„რუსთავის აზოტი“, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელი უმსხვილესი საწარმოა,რომელიც 2000-მდე ადამიანს ასაქმებს, თანამშრომელთა 99 პროცენტი ადგილობრივი მცხოვრებია.

როგორც მინისტრთან შეხვედრისას აღინიშნა, საწარმოს ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს დასაქმებულთა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. პირველ რიგში, ეს შეეხება სახელფასო ფონდს, რომელიც მიმდინარე წელს საშუალოდ 25 პროცენტით გაიზარდა.

ნათია თურნავამ ქარხნის ერთ-ერთი ცენტრალური გვარჯილის საამქროც დაათვალიერა, სადაც ბოლო პერიოდში ასევე მოხდა გადაიარაღება. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დასაქმებულთა შრომის პირობები. დამონტაჟდა ავტომატური ჩამტვირთველი, რომელიც ანაცვლებს მძიმე მექანიკურ შრომას და ადამიანების აღარ უწევთ დატვირთული ტომრების ზიდვა. მინისტრის განცხადებით, მსგავსი გაუმჯობესებები მიმდინარეობს მთელ საწარმოში.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საწარმო ეკოლოგიურად სულ უფრო სუფთა ხდება - გერმანიის მთვარობის პროგრამის ფარგლებში მონტაჟდება ახალი ფილტრები, ახალი კატალიზატორები, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს, პრაქტიკულად, გაანულებს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას.

საწარმოში ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავამ ქარხნის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა კოვიდ-პანდემიის პერიოდში გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის  და მადლობის სიგელები გადასცა. აღსანიშნავია, რომ „რუსთავის აზოტი“ ერთ-ერთია იმ რამდენიმე საწარმოს შორის, რომლებმაც საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოება დაიწყეს და ამგვარად უზრუნველყვეს სამედიცინო სექტორი და შესაბამისად, მოსახლეობა დაავადებასთან ბრძოლისას ამ აუცილებელი კომპონენტით. კოვიდ-პანდემიის პერიოდში აქტიური თანამშრომლობისთვის და სამედიცინო ჟანგბადით კლინიკების მომარაგებისთვის მინისტრმა ქარხნის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021