საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა
02-12-2021

მადრიდში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველო პირველად აირჩიეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად. 

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის და ქართული ტურიზმისთვის. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ პირველად დაამტკიცა საქართველო ამ ორგანიზაციის წევრად აღმასრულებელ საბჭოში, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენთვის და ქართული ტურიზმისთვის“ - განაცხადა ნათია თურნავამ მადრიდში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის დასრულების შემდეგ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, საქართველოსთვის ეს არის ძალიან საპატიო წევრობა, რადგან ამ ორგანიზაციაში 200-მდე ქვეყანაა გაწევრიანებული და მხოლოდ 35 ქვეყანა შეადგენს აღმასრულებელ საბჭოს, სადაც საქართველო ევროპის ქვოტით არის დამტკიცებული. 

საქართველო 4 წლის ვადით იქნება საბჭოს წევრი და შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს ორგანიზაციის მიზნების დასახვასა და შემდგომ წარმატებით განხორციელებაში, ასევე უზრუნველყოს მისი ეფექტური და გამჭვირვალე ფუნქციონირება. საქართველო თავისი სტრატეგიული  ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეძლებს დაიცვას როგორც შავი ზღვის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ინტერესები ტურიზმის განვითარების მიმართულილებით.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©