ლევან დავითაშვილი - გლობალური პლატფორმა 500 Global-ის შემოსვლით, საქართველო იქნება რეგიონული ჰაბი სტარტაპ-ეკოსისტემის წასახალისებლად
05-08-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა 500 Global-ს შორის კონტრაქტი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც 500 Global-ი ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპებს საქართველოში გადაამზადებს.

„საქართველოში პროფესიონალი და გამოცდილი აქსელერატორის მონაწილეობით ადგილობრივ სტარტაპ კომპანიებს საშუალება ეძლევათ იყვნენ უფრო წარმატებული და კონკურენტუნარიანი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აქსელერაციის პროგრამა 4 წლის განმავლობაში გაგრძელდეს, რაც გულისხმობს აქსელერაციის ეტაპზე გადასული სტარტაპების 8 ეტაპად მომზადებას, მათ შორის საერთაშორისო სტარტაპერების“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ.

გლობალური დონის აქსელერაციის პროგრამა წელიწადში ორჯერ ჩატარდება და სტარტაპებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების ინტენსიური კურსი, რომელიც დემო დღით დასრულდება. დამატებით, ყოველი კოჰორტის გამარჯვებული სტარტაპი, 500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

„ამ პროგრამაში ჩვენ გვყავს პარტნიორები „საქართველოს ბანკის“ სახით, რომელიც ასევე 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს სახელმწიფოსთან ერთად. საქართველოში 500 Global-ის შემოსვლით, ჩვენ მივიღეთ ის, რომ საქართველო იქნება რეგიონული ჰაბი სტარტაპეკოსისტემის წასახალისებლად, დასახმარებლად და მათ შორის დასაფინანსებლად. დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი აუცილებლად გამოიწვევს ინვესტორთა დაინტერესებას, შეიქმნება ვენჩურული კაპიტალის ფონდები. ვფიქრობ, მსგავსი გადაწყვეტილებებით საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის როლი, კიდევ უფრო იზრდება“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

2020-2021 წლის განმავლობაში 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა, რომელიც ჯამში 30-მა ქართულმა და საერთაშორისო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გაიარა. მათგან ოთხი სტარტაპი - CARDEAL, Cargon, Payze, Agrolabs - სილიკონის ველზე გაემგზავრა პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობისთვის, რაც ახალი კონტაქტების დამყარების და ინვესტორებთან დაკავშირების აქტივობებს მოიცავდა.

500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტეპების ზრდას და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთში და ინდოეთში.

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021