ეკონომიკის სამინისტროს ნავთობის სექტორთან დაკავშირებულ საკითხებში კონსულტაციებს ჟაკიპ მარაბაევი გაუწევს
23-04-2024

საერთაშორისო ექსპერტი, ყაზახეთისა და ევრაზიის რეგიონის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ტოპ-მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 40 წელზე მეტი ხნის გამოცდილების მქონე ჟაკიპ მარაბაევი  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობის სექტორთან დაკავშირებულ საკითხებში საკონსულტაციო მომსახურებას კიდევ ერთი წლით გაუწევს. 

კონტრაქტის თანახმად, ჟაკიპ მარაბაევი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში, ამ სფეროში მაღალი რანგის ინვესტორებთან ურთიერთობის წარმართვასა და გეოლოგიური კვლევების განახლების კუთხით მუშაობაში ეხმარება. 

ჟაკიპ მარაბაევი პროფესიონალი მენეჯერია, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკაში ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს ხელმძღვანელობდა. ის ასევე მჭიდროდ თანამშრომლობდა მსოფლიოს უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიებთან როგორც ყაზახეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და აქვს ერთობლივი საწარმოების მართვის პრაქტიკული და დიდი  გამოცდილება. ჟაკიპ მარაბაევი ასევე არის ეკონომიკის დოქტორი და ფლობს მაგისტრის ხარისხს სამთო დარგში. 

ჟაკიპ მარაბაევი საერთაშორისო პროგრამა TotalEnergies-ის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში მუშაობდა საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და აფრიკაში. ამ პერიოდის განმავლობაში იგი აქტიურად მონაწილეობდა კომერციულ და ტექნიკურ საკითხებზე სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე ფრანგული INSEAD ინსტიტუტის მენეჯმენტ-პერსონალის ტრენინგში და წარმატებით დაამთავრა საფრანგეთის ნავთობის ინსტიტუტის (IFP) აღმასრულებლების MBA კურსი.

 

 

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021