ლევან დავითაშვილმა სლოვაკეთის დელეგაციასთან ერთად სლოვაკური კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ საქართველოში საქმიანობის 10 წლისთავის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
11-06-2024

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სლოვაკური კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ საქართველოში საქმიანობის 10 წლისთავის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი აკვაპარკის, „ჯინო ფერედაისის“ სივრცეში გაიმართა. ლევან დავითაშვილი ღონისძიებას სლოვაკ კოლეგასთან - პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მინისტრ დენისა საკოვასა და სლოვაკეთის დელეგაციასთან ერთად დაესწრო. მან სლოვაკ სტუმრებთან ერთად დაათვალიერა აკვაპარკის ინფრასტრუქტურა და „ჯინო ჰოლდინგის“ საქართველოში საქმიანობის შემდგომი გეგმების და პროექტების შესახებ ინფორმაციას  გაეცნო. 

„ჯინო ფერედაისი“ სლოვაკური სს „ჯინო ჰოლდინგი“-ს პირველი მასშტაბური ინვესტიციაა საქართველოში, რომელსაც შემდგომ წლებში სხვა საინვესტიციო პროექტები მოჰყვა, მათ შორის: რაბათის „ჯინო ველნეს“ 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო, მცხეთის „ჯინო ველნეს“ 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო, თბილისის ზღვაზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯინო სისაიდ“, თბილისში მელიქიშვილის ქუჩაზე 5-ვარსკვლავიანი, მშენებარე სასტუმრო „ჯინო გრანდ“ და სხვა. სულ 2012 წლიდან დღემდე სლოვაკური „ჯინო ჰოლდინგი“-ს მიერ საქართველოში თითქმის 110 მლნ ევროს მოცულობის ინვესტიციაა განხორციელებული.  

სლოვაკეთის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, მის შემადგენლობაში ეკონომიკის მინისტრის გარდა ფინანსთა და  შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრები და სლოვაკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმყოფებიან, ასევე „ექსიმ ბანკის“ ხელმძღვანელი პირები - აღსანიშნავია, რომ ბანკს „ჯინო ჰოლდინგთან“ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს სხვადასხვა პროექტების მიმართულებით. 

„ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის, ნოდარ გიორგაძის ინფორმაციით, კომპანია უახლოეს წლებში კვლავ აქტიურად განაგრძობს საქათველოში საქმიანობას და ინვესტირებას. კომპანია ამ ეტაპზე რამდენიმე პროექტზე მუშაობს, მათ შორის: 2023-დან გარდაბანში მიმდინარეობს 50 მვტ სიმძლავრის ფოტო ელექტროსადგურის მშენებლობა საერთო ღირებულებით 28 მილიონი ევრო; 2024-დან  ბაკურიანის სამთო-სათხილამურო ზონაში იწყება „ჯინო ველნეს სპა“ სასტუმროს მშენებლობა საერთო ღირებულებით 5 მილიონი ევრო. ასევე წელს თბილისის ზღვის მიმდებარედ იწყება მასშტაბური პროექტის, საცხოვრებელი, სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო კომპლექს „თბილისის ბულვარის“ მშენებლობა - 200 მლნ ევროს საერთო საინვესტიციო მოცულობით.  

„ჯინო ჰოლდინგის“ საქმიანობა საქართველოსა და  სლოვაკეთს შორის წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობის კარგი მაგალითია. ახლა ჩვენ სლოვაკ კოლეგებთან ვსაუბრობთ იმაზე, რომ თანამშრომლობა გაფართოვდეს და მან ენერგეტიკის, ტრანსპორტის და IT მიმართულებები მოიცვას. ამ კუთხით ჩვენ კონკრეტული გეგმები გვაქვს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

 

 

 


 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021