თბილისში ფორუმი „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ გაიმართა
09-09-2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორებოს ურთიერთანამშრომლობით ფორუმი „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ გაიმართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და  თურქეთის რესპუბლიკას უკვე მრავალი წელია, განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობები აკავშირებთ, რაც თვალსაჩინო მაგალითია, იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის და როგორ გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად. მან ასევე მადლობა გადაუხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), რომელთა მხარდაჭერამაც შესაძლებელი გახადა დიაგონალური კუმულაციის საკითხზე ფორუმის ორგანიზება. 

ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას, რომელიც, მისი შეფასებით, დამატებით იმპულსს შესძენს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე წაახალისებს და გააძლიერებს როგორც საქართველოს, ისე თურქეთის კერძო სექტორის საექსპორტო შესაძლებლობებს.

ფორუმზე შეკრებილი ბიზნეს-საზოგადოება გაეცნო კვლევის „ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობა საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის გზით“ შედეგებს, რომელიც მომზადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს  ჩართულობით. 

ფორუმზე აღინიშნა, რომ 2021 წლის 29 აპრილიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამოქმედებული დიაგონალური კუმულაციის თანახმად, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული სამრეწველო (გარდა სასოფლო-სამეურნეოსი) პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არის შესაძლებელი.    დიაგონალური კუმულაცია, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის პოტენციალის ზრდასთან ერთად, ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინებას თურქეთიდან. ამასთან, ქართველი და თურქი მეწარმეების მიერ ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობით, დიაგონალური კუმულაცია წაახალისებს ინოვაციებს და შექმნის ახალ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.

ფორუმის ფარგლებში ასევე წარიმართა საუბარი საქართველოში არსებულ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე. გაიმართა B2B შეხვედრები საქართველოსა და თურქეთის კომპანიებს შორის,  რომლებმაც გამოხატეს ინტერესი ინვესტიციებით ან/და ერთობლივი საწარმოების შექმნით, დიაგონალური კუმულაციისა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის კონტექსტში.

ფორუმს  დაესწრო თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი მეჰმეთ მუში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, აგრეთვე USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, საქართველოსა და თურქეთის კომპანიების წარმომადგენლები.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა.