თბილისის აბრეშუმის გზის 2023 წლის ფორუმი წარმატებით ჩატარდა
27-10-2023

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომლის მთავარი თემა 2023 წელს „დაკავშირებადობა“ იყო, საქართველოში მეოთხედ ჩატარდა - ღონისძიების გახსნის ცერემონია 26 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით.  

აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, საერთაშორისო ბრენდად იქცა და მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა.  

ირაკლი ღარიბაშვილი ფორუმის გახსნით პანელზე სიტყვით გამოვიდა და მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრა როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ ჭრილში. 

„ცხრა წლის წინ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე ხაზგასმით აღვნიშნე აბრეშუმის გზის მნიშვნელობა და მისი პოტენციალის გამოსაყენებლად საჭირო ერთობლივი ძალისხმევის აქტუალურობა. სულ რაღაც ერთ წელიწადში – 2015 წელს, აბრეშუმის გზის პირველი ფორუმი მოვიწვიე თბილისში. მას შემდეგ ჩვენი ერი განუწყვეტლივ აშენებს მომავალს ამ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით და დღეს უდავოა, რომ საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის განუყოფელი ნაწილი გახდა“ - აღნიშნა პრემიერმა. 

ფორუმის გახსნითი პანელის მთავარმა სპიკერებმა თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს აბრეშუმის გზის ისტორიულ მნიშვნელობაზე, „შუა დერეფნის“ განვითარებასა და სარგებლიანობაზე, რეგიონსა და მსოფლიოში ქვეყნებს შორის არსებულ გამოწვევებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის აუცილებლობაზე.  

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია 2023 წელს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ზოგადად საქართველოს როლი იზრდება რეგიონში - საქართველო, როგორც სტაბილური, საინტერესო, დინამიურად განვითარებადი ეკონომიკა მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ფორუმი ძალიან კარგი პლატფორმაა, სადაც პოლიტიკური ლიდერები ხვდებიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ბიზნესების წარმომადგენლებს. ასეთი პლატფორმა, როგორც წესი, სხვა ფორმატების დროს არ არის ხოლმე, როდესაც შეგვიძლია, აქტუალურ, მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელოთ, კონკრეტული პრობლემები დავსვათ და შევთანხმდეთ გადაწყვეტაზე“- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა ფორუმის მთავარი პანელების შეჯამებისას. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა შუა დერეფნის განვითარების თემა, რომელშიც ბევრი ქვეყანა მონაწილეობს.  

„ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ზუსტ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც რეგულარულად განახლდება ხოლმე და ბოლოს, მართლაც ვიქნებით ძალიან კონკურენტუნარიანი მარშრუტი. ეს არის უმოკლესი გზა, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს და თუ მისაღები ფასები იქნება, თუ ამ დერეფანში სიტუაცია პროგნოზირებადი იქნება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია უფრო მეტი მომხმარებელი მოვიზიდოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. მნიშვნელოვანია, მოვიძიოთ უფრო მეტი პარტნიორი და მათთვისაც გავხდეთ სანდრო პარტნიორი“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე სამუშაო დღე საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში რამდენიმე ძირითადი აქცენტი გააკეთა, მათ შორის ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და ერთად ახალი შესაძლებლობების გამოყენებაზე გამომწვევების გამკლავების პროცესში, ასევე ერთობლივი, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ ეკონომიკას. 

ვიცე-პრემიერის თქმით, ყველა ქვეყანა ცდილობს განავითაროს ხელსაყრელი, პროგნოზირებადი, ბიზნესისთვის კეთილგანწყობილი ეკონომიკა და საქართველოც  სწორედ ამ გზას მიყვება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დროთა განმავლობაში ქვეყანა გახდა სტაბილური, უსაფრთხო, სანდო და მიმზიდველი პარტნიორი, მათ შორის უცხოელი ინვესტორებისთვის.  

ეკონომიკის მინისტრმა ფორუმის დელეგატებს ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნის პროცესში გადადგმული ნაბიჯების და მიმდინარე რეფორმების შესახებ. 

„ჩვენი დადებითი ეკონომიკური ტრაექტორია - ეს არის კარგად შემუშავებული მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკის მთელი რიგი სტრატეგიული რეფორმების და ჩვენი ამბიციების შედეგი. ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ წვდომა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, ავამაღლოთ ენერგეტიკული უსაფრთხოება და დავამყაროთ უფრო მეტი კავშირი ევროკავშირთან. სწორედ ამ დღის წესრიგის გათვალისწინებით, საქართველო - ეს არის ადგილი ინვესტიციებისთვის, სადაც დაბალი ხარჯები თანხვედრაშია შემცირებულ რისკებთან“ -  განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

ვიცე-პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს გააცნო საქართველოში ინვესტიციების, ტურიზმის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, IT სექტორებში არსებული ტენდენციები და განვითარების დინამიკა.  

„ჩვენ ვაძლიერებთ კავშირებს პოტენციურ ინვესტორებთან, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი B2B  და B2G შეხვედრები გვაიმედებს, რომ საინვესტიციო პერსპექტივები კიდევ უფრო სიღრმისეულად იქნება განხილული და გამოვლინდება პოტენციური თანამშრომლობის შესაძლებლობები. საქართველოს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვხატავ მზადყოფნას, ვიმუშაოთ მხარდამხარ მდგრადი, გამძლე და დინამიკური ზრდის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

2023 წლის „აბრეშუმის გზის ფორუმს“ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა - 2000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. მაღალი დონის სესიებზე, რომლებიც ორი დღის განმავლობაში რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.  

ფორუმი გახსნეს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები. ამასთან, სხვა პანელურ სესიებში მონაწილეობდნენ ევროპული თუ აზიური ქვეყნების მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის: თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი, სერბეთის მშენებლობის, ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი და სხვა.  

„აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობდნენ ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო, მათ შორის საფინანსო და დონორი ორგანიზაციების (მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, საერთაშორისო კორპორაციების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო რანგის ექსპერტები. სესიების მოდერატორები იყვნენ BBC-ის, Bloomberg-ის, Deutsche Welle-ს წამყვანი ჟურნალისტები. ღონისძიებებს 200-მდე ადგილობრივი და უცხოელი  ჟურნალისტი აშუქებდა. 

ფორუმის ფარგლებში კერძო სექტორის მონაწილეობით 250-ზე მეტი B2B შეხვედრა გაიმართა.